გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან მოკლულების ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს 9 აპრილია, 30 წელი გავიდა დიდი ტრაგედიიდან, რომელიც ქართველი ხალხის დიდი თავგანწირვა იყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა სამხედრო - სადამსჯელო მანქანამ 21 ადამიანი მოგვიკლა, ასობით სხვა კი მოგვიწამლა და დაასახიჩრა. ეს იყო კრემლის სასტიკი რეაქცია მშვიდობიანი დემონსტრანტების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე.

 

მაშინდელმა სისატიკემ ქართველი ხალხი ვერ გატეხა. 9 აპრილის დანაშაულმა ის უფრო კონსოლიდირებული გახადა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და 2 წლის თავზე, ტრაგედიის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ იქცა. უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით - 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და 9 აპრილის გმირების სახელით - გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

 

9 აპრილი თავდადების, სიმართლის, სიმტკიცის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეა. ეს არის დიდი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების დღე.

 

თითოეული ჩვენგანი უნდა შრომობდეს და იბრძოდეს იმისთვის, რომ 9 აპრილის იდეალები საქართველოში დაცული იყოს. ჩვენ მართლა უნდა წარმოვადგენდეთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც თავის საფუძვლად სწორედ ამ იდეალებს გულისხმობს.

 

1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველო ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ბრძოლა კი, რასაც 9 აპრილის გმირები შეეწირნენ, ერთი წუთით არ შეწყვეტილა. ის ბოლომდე მისაყვანია.

 

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი და არასდროს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს.

 

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში, 9 აპრილის გმირების მემორიალთან პატივი მივაგეთ, ჩვენი თავისუფლებისთვის მოკლულების ხსოვნას.