მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები შუალედურ არჩევნებში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 აპრილს დანიშნული შუალედური არჩევნებისთვის სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს. ბაღდათის რაიონში ხალხის მანდატის მოპოვებას ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ (ხვიჩა) წიქორიძე შეეცდება. თბილისში, ნაძალადევის რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი კი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია იქნება.

ვანო მერაბიშვილი: „ეჭვი მაქვს, რომ ქართველი გლეხები იმ დაპირებულ, ბიუჯეტიდან გამოყოფილ 400-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მთავრობის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას ცუდად მომზადებულსა და გაუგებარს უწოდებს.„ამ დღეებში მე შეხვედრები მქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დღევანდელი მთავრობის სოფლის მეურნეობის პროგრამა არის ძალიან ცუდად მომზადებული, გაუგებარი და ბუნდოვანი", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, რეგიონებში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს მთავრობის მიერ დარიგებული სასოფლო–სამეურნეო ბარათები, ამიტომ ეჭვობს, ქართველი გლეხები დაპირებულ დახმარებას ვერ მიიღებენ. "პრაქტიკულად, მე ვერ ვნახე ვერცერთი ადამიანი, ვინც იცის როგორ შეიძლება ამ, ე. წ., ბარათების გამოყენება. არის ორეტაპიანი პროცედურა – ჯერ მოქალაქე ვალდებულია ბარათის ერთი ნაწილით მოხნას, თუ ის მოხნავს თავის მიწას შემდეგ მიიღოს სასუქი ან ტექნიკა შეიძინოს. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის როგორ უნდა გამოიყენოს და ვერ იყენებს ეფექტურად ამ ბარათებს. შესაბამისად, ეჭვი მაქვს, რომ ქართველი გლეხები იმ დაპირებულ, ბიუჯეტიდან გამოყოფილ 400-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ“, - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილმა მთავრობას სასოფლო–სამეურნეო ბარათების გამოყენების წესის გამარტივება შესთავაზა.„მე მაქვს წინადადება მთავრობასთან – იმის გამო, რომ მთვარობამ დროულად ვერ მოახერხა ამ ბარათების დარიგება; იმის გამო, რომ ბევრ სოფელში ბევრ გლეხს უკვე დამუშავებული ჰქონდა მიწის ნაკვეთები; იმის გამო, რომ სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სპეციფიკაა და მთელ საქართველოს ერთიანი მიდგომით ვერ მიუდგები – ვთავაზობ მთავრობას, რომ გლეხებს საშუალება მიეცეთ ეს ბარათები ბანკებში გაანაღდონ და თვითონ გადაწყვიტონ რაში გამოიყენონ ეს ფული. გამოიყენონ ისინი თესლის შეძენაში, ჩითილების შეძენაში, მოსავლის აღებასა თუ სხვა რამეში. იმის გამო, რომ დაგვიანდა ბარათების დარიგება, იმის გამო, რომ ბევრმა გლეხმა ვერ ისარგებლა და ვერ ისარგებლებს ამ გართულებული პროცედურის გათვალისწინებით, კარგი იქნება, მოქალაქეებმა არ დაკარგონ ის შემოსავალი, რაც გამოყოფილია ბიუჯეტიდან და მათ თვითონ მიიღონ ეს ფული და გამოიყენონ თავიანთი შეხედულებისამებრ. საქართველოში არ არის არცერთი ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იცის ამ ბარათების გამოყენების წესი“, - განაცხადა მან.   

Pages