მედია

ახალი ამბები

ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილი პრემიერ-მინისტრს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრსბატონ ბიძინა ივანიშვილს ბატონო პრემიერ-მინისტრო,როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა შოთა მურღულიამ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები საბოტაჟში დაგვადანაშაულა. მისი განცხადებით, გუბერნატორების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე, ისინი კანონით დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ, მათი რესურსი არ ხმარდება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე - როგორიცაა მაგალითად  სტიქია, მათი მხრიდან არ ხდება სამინისტროს ინფორმირება.როგორც თქვენთვის ცნობილია, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად დავინიშნე 2012 წლის 17 სექტემბრიდან და დანიშვნიდან დღემდე, რეგიონის მოსახლეობისთვის პრიორიტეტული არაერთი საკითხის შესახებ მივიღე გარკვეული ზომები, მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობის საპასუხოდ, ასევე - თანამშრომლობის მისაღწევად, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში - უშედეგოდ. ქვემოთ რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ მოგახსენებთ:1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების მომზადების პერიოდში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გუბერნატორებმა თანამშრომლობაზე სრული მზაობა გამოვხატეთ. ჩვენ მზად ვიყავით, მონაწილეობა მიგვეღო თვითმმართველობების მიერ  წარდგენილი პროექტების განხილვის პროცესში, თუმცა სამინისტრომ შესაბამის კომისიაში გუბერნატორები საერთოდ არ შეგვიყვანა.რაც შეეხება ჩემს მიერ რეგიონული პროექტების წარდგენას სამინისტროში, როგორც მოგეხსენებათ,  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია უზრუნველყოფს რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებას, ხოლო, სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას  სახელმწიფო რწმუნებულებისათვის-გუბერნატორებისათვის. აღიშნული რეკომენდაციები არ მიგვიღია.ამასთან, კახეთის რეგიონის არცერთ თვითმმართველობას არ მოუმართავს ადმინისტრაციისათვის მუნიციპალიტეტში არსებული რომელიმე ინფრასტრუქტურული პრობლემის თაობაზე, შესაბამისად, რეგიონული პროექტის მოსამზადებლად არ გამოკვეთილა არცერთი პრიორიტეტული პრობლემა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე თვითმმართველ ერთეულს. თუკი ასეთი მომართვა იქნებოდა, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია კოორდინაციას გაუწევდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ერთობლივი განაცხადის მომზადების პროცესს და მუნიციპალიტეტების საკრებულოების გადაწყვეტილებათა შემდეგ, მოახდენდა სამინისტროში შესაბამისი რეგიონული პროექტის ინიცირებას. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუტურის სამინისტროს 2013 წლის 18 იანვრის #143/გ წერილის მიღების შემდგომ, სამინისტროს კოორდინაციითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ განაახლა კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის პროექტზე მუშაობა. მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განახლდა კახეთის რეგიონული განვითარების საბჭოს შემადგენლობა, მოვიწვიეთ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებიდან ყველა ის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებიც თანამდებობებზე დაინიშნენ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ასევე მოვიწვიეთ 8 სამინისტროს წარმომადგენელი. ჩატარდა საბჭოს 2 სხდომა, ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რეგიონული განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, რომელთა მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია დაგეგმილია საბჭოს რიგით მესამე სხდომაზე (სავარაუდო თარიღი - 15 მაისი), რის შემდგომაც იგეგმება სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვებისთვის წარდგენა. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია აღნიშნულ პროცესში არათუ მონაწილეობს რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დაგეგმვის პროცესში, არამედ, ის მზადაა ითანამშრომლოს და თანამშრომლობს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოსთან პირველივე დღიდან, რაზეც გუბერნატორის სათათბირო ორგანოს - რეგიონული განვითარების საბჭოს შემადგენლობაც მეტყველებს.3. როგორც თქვენს 2013 წლის 15 აპრილის განცხადებაში აღნიშნეთ, „2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემას მოჰყვა გარკვეული პროცესების გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე... მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა“. აღსანიშნავია არა მხოლოდ თვითმმართველობების ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტები, რომელთა ნაწილი ფართო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მას-მედიის  ყურადღების ცენტრში მოხვდა. კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ ვაკანსიების შევსება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დარღვევის გზით ხდება. ხშირ შემთხვევაში ირღვევა ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები: საქართველოს კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად, მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ გადადგა არაერთი ნაბიჯი და გამოიჩინა ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის ინიციატივა, თუმცა უშედეგოდ. ეს ყოველივე გაცნობეთ მიმდინარე წლის 12 აპრილის #468 წერილით, კერძოდ:✔ მიმდინარე წლის 24 იანვარს #93 წერილით მივმართე კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თხოვნით. 16-დან 4-მა თვითმმართველობის ორგანომ უპასუხოდ დატოვა ჩემი წერილი, რაც შეეხება დანარჩენ 12-ს, მათგან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაციის ასლები, ხოლო, მათ შორის, ვინც წარმოადგინა, აღმოჩნდა, რომ 15 თებერვლის მდგომარეობით, მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული 20 მოხელიდან 11-ს თვითმმართველობის ორგანოში არ წარუდგენია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სავალდებულო დოკუმენტაცია, კერძოდ - განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა. ამასთან, აღნიშნული 11-დან 6 მოხელე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს. 25 იანვრის მდგომარეობით, შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაათავისუფლეს 22 თანამშრომელი, თუმცა იმავდროულად, მიიღეს გაცილებით მეტი - 37 ადამიანი, ამასთან, მათგან 10 მოსამსახურეზე გამგეობამ ვერ წარმოადგინა განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა.✔ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანსიების, როგორც წესი, უკონკურსოდ შევსების პრაქტიკის გათვალისწინებით (2013 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკონკურსოდ დანიშნულია 37 თანამშრომელი; 4 თებერვლის მდგომარეობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკონკურსოდ დანიშნულია 38 თანამშრომელი; 18 თებერვლის მდგომარეობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკონკურსოდ დანიშნულია 49 თანამშრომელი), ჩემი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27′ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გარანტირებული, საქართველოს კანონების აღსრულების კოორდინაციისა და კონტროლის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 15 იანვარს მივმართე ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, ხოლო, 28 თებერვალს - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონსურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლის კანდიდატურის გათვალისწინების შესახებ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლების გარეშე. ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა, არამედ - მოხელეთა შერჩევისა და თანამდებობებზე დანიშვნის პროცესში საქართველოს კანონების აღსრულების მონიტორინგი და კონტროლი, რაც განმარტებული იყო ჩემს მიერ თვითმმართველობებისათვის მიწერილ წერილებში.წერილზე პასუხი, ადმინისტრაციის კანდიდატურის გათვალისწინების თაობაზე წარმოადგინეს მხოლოდ: სიღნაღის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებმა, თუმცა, ამის შემდგომ, თელავის მუნიციპალიტეტში გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა კომისიის შემადგენლობაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. ანალოგიურად ჩატარდა კონკურსი ყვარლის მუნიციპალიტეტში, გამგებლის კანდიდატურის შესარჩევად.სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის პროცესის მონიტორინგისა და კონტროლისათვის თავის არიდება, როდესაც ამით არ იზღუდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები, არა მხოლოდ ჩემი, როგორც გუბერნატორის კანონმდებლობით გარანტიებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელისშეშლის ტოლფასია, არამედ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აღნიშნული კონკურსების გამჭვირვალობას, კონკურსების მიმდინარეობის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის ნორმების დაცვას, საქართველოს მოქალაქეთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და შესაბამისად - შედეგის, მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ ასევე მოგწერეთ მიმდინარე წლის 12 აპრილის #468 წერილით და გთხოვეთ შესაბამისი ქმედითი ზომების მიღება.4. როგორც თქვენთვის ცნობილია, კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია 2012 წლის 19 ივლისსა და 19 აგვისტოს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სრული ლიკვიდაცია, რაც თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. ჩემი გუბერნატორად დანიშვნის დღიდან არაერთხელ მოგმართეთ პირადად თქვენ და ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუტურის სამინისტროს, წარმოგიდგინეთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების არაერთი განცხადება და გთხოვეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმირება. კერძოდ:✔ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების პრობლემატიკას შეეხებოდა უშუალოდ თქვენს სახელზე გამოგზავნილი ჩემი: 2012 წლის 12 ნოემბრის #1741, 19 ნოემბრის #1754, 20 ნოემბრის #1791, 26 ნოემბრის #1831 და 2013 წლის 15 იანვარის #17 წერილები.✔ ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუტურის სამინისტროში გაგზავნილი 2012 წლის 10 დეკემბრის #1900, 2013 წლის 15 იანვრის #26, 24 იანვრის #95 და 28 თებერვლის #280 და #284 წერილები.რამდენადაც სტიქიის შედეგებისა და მათ სალიკვიდაციოდ განხორციელებული ღონისძიებების შემსწავლელი კომისიის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა 2012 წელს კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგების შესწავლა, დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, ხოლო, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის #406 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ′“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ამოცანას და ფუნქციას  წარმოადგენს სტიქიური მოვლენების უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ხელშეწყობის უზრუნველყოფა, სამინისტროსგან არაერთხელ ვითხოვე კომისიის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაზუსტებული სიის მოწოდება, თითოეულ მოქალაქეზე საცხოვრებელი მისამართისა და კომპენსაციის თანხის მითითებით; ასევე, ვითხოვე კომისიის სხდომის ოქმების გაცნობა, რათა შესაძლებლობა მქონოდა მონაწილეობა მიმეღო საბოლოო დასკვნების შემუშავების და რეგიონის მოსახელობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის - სტიქიის შედეგების აღმოფხვრის დამატებითი ღონისძიებების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო კომისიის მხოლოდ ორ სხდომაში (მეორე სხდომა ჩატარდა 2012 წლის 4 დეკემბერს), თუმცა არც აღნიშნული ორი სხდომის და არც შემდგომი სხდომების ოქმების გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. ასევე, სამინისტროსგან არ მიმიღია კომისიის საქმიანობის შესახებ მოთხოვნილი კონკრეტული ინფორმაცია, მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა და თანამშრომლობის სურვილისა.5. 2012 წლის 19 ივლისის სტიიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შორის მინდა გამოვყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლსა და სოფელ კისისხევში მცხოვრები ის 24 ოჯახი, რომლებიც მისდევენ ვაზის ნერგის წარმოებას და რომელთა ზარალის ანაზღაურების საკითხი არ იდგა კომისიის დღის წესრიგში. მათი ერთობლივი განცხადება გადმოგეგზავნათ 2013 წლის 18 მარტის #355 წერილით თქვენ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩემი შეხვედრის შემდგომ, კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და კერძოდ მევენახეობის განვითარების პრიორიტეტულობის, ნერგის მწარმოებელთა და ასევე ვენახის გაშენების მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, ვესაუბრე სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ დავით კირვალიძეს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ დავით ნარმანიას. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის და არა საბოტაჟის შედეგია ის, რომ დღეს ვაზის ნერგის მწარმოებელთა ზარალის ანაზღაურების საკითხი დგას ხელისუფლების დღის წესრიგში და იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში გადაწყდება დაზარალებული მოსახლეობის სასარგებლოდ.6. კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ ამოიწურება ზემოაღნიშნული ორი საკითხით. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის 13-14 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის შედეგედ ლაგოდეხის 51 დასახლებულ პუნქტში დაზიანდა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლები. 2012 წლის 15 ნოემბერს #1750 წერილით მოგმართეთ თქვენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და წარმოგიდგინეთ 2012 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ადგილობრივ თვითმმართველობაში შესული მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის 656 განცხადება, რომლებიც ითხოვდენ შესაბამის დახმარებას. წერილზე პასუხი არ მიმიღია არცერთი ინსტანციიდან.ვინაიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ლაგოდეხში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების თაობაზე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მიერ არ გაკეთებულა არანაირი კომენტარი და ჩემთვის უცნობი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება,  მიმდინარე წლის 15 იანვარს, #17 წერილით გთხოვეთ #1750 წერილზე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წერილობით ინფორმირება, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე პასუხი კვლავ არ მიმიღია არცერთი ინსტანციიდან. მიმდინარე წლის 15 თებერვალს #243 წერილით, ხოლო მოგვიანებით, 22 მარტს #396 წერილით კვლავ გთხოვეთ ლაგოდეხში მომხდარი მიწისძვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რის შემდეგაც, 19 აპრილს მივიღე პასუხი (საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2013 წლის 16 აპრილის #13764 წერილი), რომ ჩემი წერილი გადაგზავნილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამინისტროს მიერ საკითხის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის კვლავ უცნობია.7. მიმდინარე წლის 10 აპრილს კახეთის რეგიონში კვლავ მოხდა სტიქია - სეტყვის შედეგად განადგურდა მოსავალი რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 8 დასახლებულ პუნქტში. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებებისა, რომ ზარალს უახლოეს დღეებში შეისწავლიდნენ, ხოლო ზარალის ანაზღაურების საკითხს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტდა, თელავის მუნიციპალიტეტში, მაგალითად, ზარალის შედეგების შემსწავლელი კომისია შეიქმნა თითქმის ერთი კვირის დაგვიანებით. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უმოქმედობით უკმაყოფილო ხალხის მღელვარების მიუხედავად, ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედების და საბოტაჟის ნაცვლად, ვიყავი კონსტრუქციული, ვიყავი ყოველდღიურ კონტაქტზე დაზარალებულ მოსახლეობასთან, ვესაუბრე ბატონ დავით ნარმანიას და ბატონ დავით კირვალიძეს, ხოლო, დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თხოვნით, გადმოგეგზავნათ მიმდინარე წლის 22 აპრილის #483 წერილით.ველი თქვენს რეაგირებას ზემოაღნიშნულ საკითხებზე.  პატივისცემით,            ზურაბ ჭიაბერაშვილისახელმწიფო რწმუნებული _ გუბერნატორი  

ვანო მერაბიშვილი: „საქართველოში ბოლო 7 თვის განმავლობაში 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრის მიერ გუშინ გადაცემა "პოზიციაში" გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.  "შევამჩნიე, ბატონმა პრემიერმა ძალიან ინერვიულა, რომ 19 აპრილს ბევრი ადამიანი მოვიდა რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ და ეს, სრულიად ბუნებრივია. ნებისმიერი ხელისუფალი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და უნდა აქცევდეს ხალხს, ვინც გამოდის პროტესტის შეგრძნებით. ბატონმა ბიძინამ ბევრი ისაუბრა წინასაარჩევნო დაპირებებზე და მე უნდა ვუთხრა მას, რომ ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად გააკრიტიკებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გააძლიერებს პროტესტს, რათა საქართველოს მთავრობამ შეასრულოს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება", – აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.ვანო მერაბიშვილის თქმით, საქართველოში ბოლო 7 თვის განმავლობაში 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა. "მინდა, ბატონ ბიძინას ვუთხრა – საქართველოში ბოლო 7 თვის განმავლობაში არათუ არავითარი სერიოზული წინსვლა არ არის, პირიქით, პრობლემებია ეკონომიკაში; არათუ არცერთი დამატებითი სამუშაო ადგილი არ შექმნილა, არამედ 82 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა და 82 ათასი ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა გაჭირვება და უმუშევრობა. ამიტომ, მთავარი ამოცანა დღევანდელი ხელისუფლებისა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა. თუ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს ჩვენი დასაქმების კონცეფცია მზად ვართ, მოვისმინოთ მისი დასაქმების კონცეფცია ( კონკრეტული და არა, ზოგადი ), როგორ აპირებენ ისინი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დღევანდელ ხელისუფლებასთან ", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციასთან თანამშრომლობა, თუმცა იგი იძულებული იქნება ითანამშრომლოს ხალხთან, საზოგადოებასთან, მათ შორის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რადგან ეს პარტია ერთადერთი ძლიერი ოპოზიციაა.   

Pages