მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სესიის შესახებ

ქუთაისი 30 მაისი 2012წ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რეგიონული გამოწვევების შესახებ“, სადაც საქართველოში და უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ დაუშვებელია შერჩევითი სამართლის გამოყენება და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები და რომ ასეთი მოქმედებები შეუთავსებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით არსებულ გამოწვევებთან. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ევროპარლამენტართა სპეციალური დელეგაცია ეწვიოს საქართველოს, რათა შესწავლილი იქნეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და უშუალოდ ოპოზიციის ლიდერის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ბატონი ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხი. ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ბადებს სერიოზულ კითხვებს საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში. შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების  ევრონესტის სხდომაზე მოქმედება, სადაც მათ ევრონესტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურული მექანიზმი გამოიყენეს საკუთარი პარტიის პოლიტიკური ინტერესის სასარგებლოდ.  კერძოდ, იმისთვის, რომ დოკუმენტის ტექსტში არ დაფიქსირებულიყო უშუალოდ ბატონი ვანო მერაბიშვილის სახელი. ამ მექანიზმის გამოყენება სახელმწიფოებს შეუძლიათ მხოლოდ   „სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების“ დასაცავად. როგორც ჩანს, ქართული ოცნებას ეროვნული ინტერესები ესმის არა როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა. შენიშვნა: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ევროპის კავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ 6 სახელმწიფოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატს, სადაც წარმოდგენილნი არიან ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრები. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-3 სესია გაიმართა ქ. ბრუსელში.

გივი თარგამაძე: "წარმოგიდგენთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ელიტური, შეიძლება ითქვას, სუპერ-ელიტური კორუფციის მორიგ ფაქტს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს.  მისი თქმით, ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი კორუფციული გზებით მიმდინარეობს. „წარმოგიდგენთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ელიტური, შეიძლება ითქვას, სუპერ-ელიტური კორუფციის მორიგ ფაქტს. ამჯერად საქმე ეხება იმ ობიექტს, რომელსაც პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტის დაჩას ეძახდა. დღეს, ალბათ, უკვე გასაგებია, რომ, როგორც ჩანს, იმთავითვე მოეწონა და ასეთი ობიექტის ქონა თავის საკუთრებაში მოინდომა", – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა. მისი განმარტებით, იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ პრეზიდენტი ამ ობიექტს არ იყენებდა და დაგეგმილი იყო მისი ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაბარება. „სწორედ გადაბარება ხდებოდა ამ დღეებში - სააგენტო ობიექტს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, მოსული იყო სააგენტოს ბუღალტერი, სამინისტროს წარმომადგენელი და ამას გარდა, საოცარი ადამიანების ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ქვეშ  მყოფ ობიექტზე გაურკვეველი მიზეზებით მოხვდნენ - ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ", - აღნიშნა გივი თარგამაძემ და იქვე დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც ობიექტზე „ფაქტობრივად, გადამბარებლის სტატუსით" იმყოფებოდნენ, აღმოჩნდნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მეუღლე და მისი სამი მეგობარი, ასევე ვინმე გიორგი საღინაშვილი, რომელიც თარგამაძის ინფორმაციით, მერიის სტრუქტურებში მუშაობდა და თავის დროზე კორუფციის ფაქტზე იყო დაკავებული. მისივე ინფორმაციით, რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსი, რევაზ მუმლაძე ხელისუფლების შეცვლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი საკუთრების, ბაკურიანის კომპლექსის დაცვის უფროსი იყო, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.  

Pages