მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

თბილისი 1 ივლისი 2013 წელი 27 ივნისს მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებზე, მაღალი თანამდებობის პირებზე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებული უკანონო საპოლიციო ოპერაციის გამო, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფონზე გრძელდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია იმყოფება პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენ არ ვესწრებით დღეს პარლამენტში გამართულ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომას. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ამ სხდომაზე  სამეგრელოში 2011 წელს განხორციელებული მხეცური დანაშაულის ამსახველი კადრების ჩვენება ემსახურება არა საქმის არსში, საგამოძიებო დეტალებში გარკვევას და ბრალეულობის მასშტაბების განსაზღვრას, არამედ კიდევ ერთხელ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრების საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას, რათა საზოგადოებრივი აზრის სახელით მართლდებოდეს მის წინააღმდეგ პოლიტიკური და სამართლებრივი ზეწოლა. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით კადრებზე აღბეჭდილი დანაშაულის ჩამდენებსა და ამ დანაშაულთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტს, რა თანამდებობის მატარებელიც არ უნდა იყოს ან არ უნდა ყოფილიყო იგი წარსულში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არანაირი ინფორმაცია ამ დანაშაულის ჩადენის შესახებ არ გაგვაჩნდა და ვაღიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს მსგავსი რამ შეიძლებოდა ჩაედინათ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ხოლო იმისათვის, რომ დეტალურად გაირკვეს თუ სადამდე შეიძლება მიდიოდეს ამ დანაშაულის კვალი, ვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კიმისიის შექმნას, რომელიც, პოლიტიკური ანგაჟირებულობისა და  ფსიქოლოგიური მანიპულაციების გარეშე, განსაზღვრავს იმ საკითხთა და დეტალთა ჩამონათვალს, რომლის ობიექტური და მიუკერძოებელი განსჯა დაეხმარება დანაშაულის გამოძიებას.   ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტი აპირებდა განეხილა თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეობის დამზადება-გავრცელების საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმებოდა ასეთი განხილვის მოწყობას, მაგრამ ამ საკითხის მიბმა სამეგრელოში სასტიკი დანაშაულის ჩადენის ამსახველ კადრებთან ერთი სხდომის ფარგლებში აბსოლუტურად არ იძლევა „თალიბურ ვიდეოებზე“ რაციონალური, უემოციო მსჯელობის საშუალებას, რაც საპარლამენტო მუშაობის ეფექტურობის საწინდარია.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება თბილისის მერიის თანამშრომლების უკანონო დაპატიმრებებთან დაკავშირებით

ხელისუფლების ტერორი, ქ. თბილისის მერიის თანამშრომლების უკანონო დაპატიმრებები  რუსთავის სასამართლოში გაგრძელდა. ნაცვლად იმისა, რომ ფინანსური პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონობა ( 28 ივნისს მერიის 30 თანამშრომლის უკანონო დაკავება ) გამოეძიებინა საქართველოს პროკურატურას, ხელისუფლებამ გამოიყენა თვალთმაქცური სამართლებრივი ხრიკი. საქმე პროკურატურის ნაცვლად, გადაეგზავნა ქვემო ქართლის ფინანსურ პოლიციას. შესაბამისად, გამართლდა ნაციონალური მოძრაობის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ხრიკი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: ქვემდებარების წესის შესაბამისად, საქმე განეხილა არა თბილისის, არამედ რუსთავის სასამართლოს. გვახსოვს რა, ქუთაისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკრეტული მაგალითი, ალბათ, ხელისუფლებას რუსთავის სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლის მეტი საშუალება ჰქონდა. შედეგმაც არ დააყოვნა – ფინანსური პოლიციის მიერ მერიის თანამშრომლების უკანონო, უპრეცედენტო დაკავება–გაშვების პოლიტიკა, სამწუხაროდ, რუსთავის მოსამართლე მადონა მაისურაძემ გააგრძელა. აღკვეთი ღონისძიებების განხილვის დროს მან მიიღო 2 გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილება.   პირველი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ უკანონოდ მიიჩნია მერიის თანამშრომლების დაკავება და დარბაზიდან გაათავისუფლა ეს უკანასკნელები, თუმცა 2–საათიანი შესვენების გამოცხადების შემდეგ მიიღო სრულიად გაუგებარი და პირველის გამომრიცხავი  გადაწყვეტილება – წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოტივით, თავის მიერ გათავისუფლებული ბრალდებულები დარბაზშივე დააკავა.   

Pages