მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ქუთაისის აეროპორტისა და ტურიზმის განვითარების შესახებ

თბილისი 3 აგვისტო, 2013 წ.    გვსურს, გამოვეხმაუროთ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტთან დაკავშირებით. სიგუას მტკიცებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა, თითქოსდა განაცხადეს, რომ ქუთაისის აეროპორტი არ ფუნქციონირებს. ეს მტკნარი სიცრუეა - ჩვენი კრიტიკა ეხებოდა ქუთაისის აეროპორტის გეგმასთან შედარებით მხოლოდ მიზერული მასშტაბით ამოქმედებას.   სასიხარულოა, რომ მთავრობა ტრაბახობს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადის ზრდის სტატისტიკით მაშინ, როცა ხშირად თავად აკრიტიკებდა ქუთაისის აეროპორტს და, ზოგადად, საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. ეკონომიკის რეცესიის, ბიუჯეტში ასეულ მილიონობით ლარის გარღვევისა და ათეულ ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის ფონზე, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავალი ის არტერიაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჯერ კიდევ აცოცხლებს.   ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განახლებული ქუთაისის აეროპორტის ამჟამინდელი, ინერციით გადმოყოლილი ფრენები და შეთანხმებები ( მათ შორის, პოლონეთში იაფი ფრენები, რომელთა შედეგადაც პოლონეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 98%-ითაა გაზრდილი ) მხოლოდ მიზერული ნაწილია ქუთაისის აეროპორტის და ტურიზმის განვითარების იმ გეგმისა, რომლის განხორციელებაზეც მთავრობა უარს აცხადებს.  ამ პროექტისა და საქართველოში ევროპული საბიუჯეტო ავიაკომპანიების მოზიდვის კონცეფციის მთავარი აქცენტი კეთდებოდა მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ავიაკომპანია "რაინეარზე" (www.ryanair.com). უკვე მაისიდან "რაინეარს" უნდა გაეხსნა ოთხი მიმართულება ( სავარაუდოდ, ბრიუსელი, ბარსელონა, მილანი, ფრანკფურტ-ჰანი), შემდეგ კიდევ ოთხი და ა.შ. ორ-სამ წელიწადში მხოლოდ ეს ავიაკომპანია უნდა ასულიყო მილიონ მგზავრზე, ხოლო ბილეთის საშუალო სტატისტიკური ფასი უნდა ყოფილიყო 50 ევრო. ამ გეგმის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ სრულიად სხვა - სპეციფიკურად ევროპელი საშუალო კლასის ტურისტების - დღეისათვის არარსებული ნაკადის გაჩენას, ყველა გამომდინარე შედეგით, არამედ მრავალი ასეული მილიონი ევროს პირდაპირ შემოდინებას საქართველოს ეკონომიკაში და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ქუთაისის იაფი ავიაკომპანიების ცენტრად ქცევა, ასევე ნიშნავს რეალობის ცვლილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ევროპაში მოხვედრის ხელმისაწვდომობა საქართველოს ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და განვითარების ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით გაადვილებას მოასწავებს.   გვსურს გამოვხატოთ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი მთავრობა არ ითვალისწინებს მოსახლეობისა და ეკონომიკის განვითარების ინტერესებს, ამ პროექტის სრულად ამოქმედებას კვლავაც ქილიკით უყურებს და არ აწარმოებს „რაინეართან“, თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. ცნობისათვის, „რაინეარი“, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის შიგნით (და მაროკოში) დაფრინავს მგზავრთა რაოდენობით არის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია ( 2012 წელს გადაიყვანა 80 მილიონ მგზავრზე მეტი ), გააჩნია 300 თვითმფრინავზე მეტი და მისი ბილეთის საშუალო სტატისტიკური ფასი არის 32 ევრო. დღეისათვის ავიაკომპანიას ევროპის მასშტაბით გააჩნია 47 ჰაბი.   

გივი თარგამაძე: "ბატონო პრემიერ–მინისტრო, იქნებ, გამოიღვიძოთ!"

გივი თარგამაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დევნის დაწყების მაჩვენებელი 2013 წლის ივნისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით იზრდება.     საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების მიზეზებზე ისაუბრა.    ასევე მან პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, რომ მის თანაგუნდელებს შორის არსებულ უთანხმოებას ყურადღება მიაქციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატის თქმით, "ქვეყანაში არსებული დრამატული კრიმინოგენული მდგომარეობა, შესაძლოა, ტრაგიკულიც კი გახდეს".    "ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი გუნდის წამყვანი ფიგურები ( როგორც ჩანს, სანამ თქვენ გძინავთ ) - ირაკლი ღარიბაშვილი, გელა ხვედელიძე, ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი - ერთმანეთს ებრძვიან, ანუ თქვენები ებრძვიან თქვენებს და, საბოლოო ჯამში, ყოველივე ამას ქვეყანა ძალიან მძიმე შედეგებამდე მიჰყავს, ამიტომ, იქნებ, გამოიღვიძოთ!", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრს დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ.  

Pages