გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:48 / 30 ნოემბერი 2012

ზურაბ ჯაფარიძე: ''შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ ან ვირწმუნოთ, რომ ამ ადამიანებმა განიცადეს კათარზისი და დღეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქართველ ხალხს, თუმცა მსგავსი სასწაულების არ გვჯერა''

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნული მოადგილეები, მათ მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებებიდან და გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, დაუჯერებელია, დღეს საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილსინდისიერად ემსახურონ. ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, მან გაიხსენა ლაშა ნაცვლიშვილის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაკეთებული განცხადება და მისივე ციტატა მოიყვანა:

„ხანდახან, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად შერჩეული პირების ნაწილს მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა იმ დროს, როცა ქვეყნის მართვის პროცესში ჩართულნი იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, ე.წ. „კანონიერი ქურდების“ სახით, როდესაც ნარკოტიკების ბრუნვა ფორმალურად აკრძალული იყო, რეალურად კი, კონტროლდებოდა სწორედ სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების მიერ. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ–ერთი ამჟამინდელი მოადგილის სახელი 2003 წელს ერთ–ერთ გახმაურებულ კორუფციულ სკანდალში ფიგურირებდა და ამავე ადამიანს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, ვციტირებ: „ხანდახან, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“ - ეს ამ ადამიანმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განუცხადა. ჩვენ შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ ან ვირწმუნოთ, რომ ამ ადამიანებმა განიცადეს კათარზისი და დღეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქართველ ხალხსა და საქართველოს, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი სასწაულების არ გვჯერა. ზემოთ მე მოვიყვანე ლაშა ნაცვლიშვილის ციტატა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ.