გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:45 / 30 ნოემბერი 2012

ვანო მერაბიშვილი ხაზინაში თანხების არარსებობის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებას ეხმაურება

დღეს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვანო მერაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა სახელმწიფო ხაზინაში თანხების არარსებობის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდება იყო.

ვანო მერაბიშვილის განმარტებით, 2 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ანგარიშებზე აკუმულირებულია ორ მილიარდ ლარზე მეტი, მას შემდეგ კი, რაიმე სერიოზული ცვლილება არ მომხდარა.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, მან წარმოადგინა სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული შესაბამისი დოკუმენტაცია თანდართული საბანკო რეკვიზიტებით, სადაც დეტალურადაა გაწერილი, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ხაზინაში არსებული თანხები.

„პოლიტიკაში მოსვლამდე, მე, ვმუშაობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში და ერთი რამ კარგად ვიცი: შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკოსი იტყუებოდეს, ზოგიერთი არა, მაგრამ ციფრები არასდროს ტყუიან. საკმარისია მთავრობის ერთი სხდომა, საკმარისია ახალი პრემიერ–მინისტრის ერთი ბრძანება, რომ ყველა ეს თანხა ზუსტად ნახევარ საათში მოხვდება ბიუჯეტის ანგარიშზე, თუ, რა თქმა უნდა, ამისი სურვილი ახალ მთავრობას ექნება“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გენერალური მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა ერთი კვირის წინ წარუდგინა.