გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:20 / 30 ნოემბერი 2012

ვანო მერაბიშვილი: ''თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დაასუსტოს ქართული ოპოზიცია, მაშინ მან, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე აღებული დაპირებები უნდა შეასრულოს''

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პროკურატურაში რიგების შესამცირებლად ოპონენტების მიერ რიტორიკის შეცვლისკენ მოწოდების თაობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავად გადაწყვეტს როგორი რიტორიკა ჰქონდეს, როგორი განცხადებები გააკეთოს და ის კვლავაც დარჩება კრიტიკოსი ამ ხელისუფლების.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველ წუთას შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მას აქვს აღებული ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ნებისმიერი ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური დევნის, კანონის დარღვევის შემთხვევაში ის გააკრიტიკებს და არ შეცვლის რიტორიკას. თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დაასუსტოს ქართული ოპოზიცია, მაშინ მან, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე აღებული დაპირებები უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის დევნა და შანტაჟი ავნებს როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე საქართველოს იმიჯს და ამიტომ, სასურველია, თუკი იგი თავად შეცვლიდა რიტორიკას.

დღესვე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილმა თავად დაადასტურა, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაჭერები არის წმინდა წყლის პოლიტიკური დაჭერები და ეს რიგები პროკურატურასთან არის პირდაპირპროპორციული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკისა“, – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მთავრობა, რომელიც გააკეთებდა ანონსს ქვეყანაში კრიმინალის რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით და ბიძინა ივანიშვილი ნაცვლად იმისა, რომ განაცხადოს – საქართველოს მთავრობა აპირებს ამ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, შეეგუოს კრიმინალის ზრდას.