გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:43 / 1 აგვისტო 2019

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქეს, ზვიად კუპრავას პატიმრობა მიესაჯა.

„დღეს ივანიშვილმა ქვეყანაში ის პირველი პრეცედენტიც დაუშვა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, საქართველოს მოქალაქის არა უბრალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემას გულისხმობს, არამედ სისხლის სამართლებრივ პატიმრობაში მიცემას გულისხმობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქე ზვიად კუპრავას მიესაჯა პატიმრობა 9 თვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. არც წინა ხელისუფლებს პირობებში და არც იმის წინა ხელისუფლების პირობებში. ეს არის ღია დიქტატორული ნიშნები.

უბრალოდ, მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე. დიახაც, სისხლის სამართლის კოდექსში არის 266-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუკი იგი სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალწარმოების მხარეებს, ანუ სასამართლო დარბაზში უშუალოდ, მაგრამ ეს მუხლი ამოქმედდება სასამართლოს დარბაზს მიღმა, სასადილოში და ა.შ. ეს არის უკვე იმის მკაფიო სიგნალი და პრეცედენტი, რომ ხვალ და ზეგ ნიკა მელია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, თუკი ქუჩაში შეაგინებს ან აუგად მოიხსენიებს მოსამართლეს, შესაძლებლობა უჩნდება ხელისუფლებას, ის დააკავოს“ -განაცხადა მელიამ.

ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებასაც ეხმაურება.

„პოლიტიკურ ლიდერებს ხომ დასდევთ, ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს ქვეყანაში ხომ დასდევთ და დევნით სამართლებრივად და ამით მილიარდ ზიანს აყენებთ სახელმწიფოს და ახლა, ყველაზე წარმატებულ მედია მენეჯერებს და ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს იბარებთ საქართველოს პროკურატურაში, იმიტომ რომ მასზე განახორციელოთ ზეწოლა? და რის მიღწევა გინდათ ამით ხალხნო?“ - განაცხადა მელიამ.