გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:41 / 30 ნოემბერი 2012

საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 3 ფრაქცია შეიქმნება

დღეს დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება იყო. საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის. ეს ფრაქციებია:

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ( ფრაქციის თავმჯდომარე: გიორგი გაბაშვილი );
    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“ ( ფრაქციის თავმჯდომარე: ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ტარიელ ლონდარიძე );
    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“ ( ფრაქციის თავმჯდომარე: წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე ).

დავით ბაქრაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაყოფა ფრაქციებად ხდება საპარლამენტო ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე.

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას პარლამენტში სჭირდება მეტი გამოსასვლელი დრო, მეტი გამომსვლელი, მეტი ხმა ბიუროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, შექმნილიყო სამი საპარლამენტო ფრაქცია“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. ვიცე–სპიკერად კი, გიორგი ბარამიძე დასახელდება.

რაც შეეხება უმცირესობის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, აკაკი მინაშვილის განცხადებით: „საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, გვექნება 3 ფრაქცია – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც გააჩნია ოპოზიციას იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია გაახმოვანოს პარლამენტში და დაიცვას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. ბუნებრივია, იმ საკითხებში, რომლებშიც ჩავთვლით, რომ მმართველი ძალა არის ქმედითი და აკეთებს იმას, რაც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ ჩავთვლით, რომ მათი მიდგომა არასწორია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ გვექნება აქტიური ოპონირება ყველა დონეზე როგორც სესიების, ისე კომიტეტების“.