გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:51 / 21 ოქტომბერი 2016

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესს დააზიანებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით,  ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ,  შესაძლოა  ქვეყნის ეკონომიკის  განვითარების პროცესი  დააზიანოს და  ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას ხელი შეუშალოს.

„პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის შეუზღუდავმა  მმართველობამ  შეიძლება დაგვაკარგინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად მიაღწია. საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა  უფლებას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც  ითვალისწინებს   ახალი სახის გადასახადის  შემოღებას  ან  გადასახადის   განაკვეთის  გაზრდას   მხოლოდ  რეფერენდუმის გზით.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სპეციალური ორგანული კანონით   „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“,  განსაზღვრულია  ეკონომიკური  პოლიტიკის  ფუძემდებლური პრინციპები და დადგენილია ისეთი ეკონომიკური პარამეტრები, როგორიცაა : 

-ბიუჯეტის ხარჯების  მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან− არა უმეტეს 30 პროცენტის ოდენობით ;

-დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 3%-ის ოდენობით;

-სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 60%ის ოდენობით;

-ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ძირითადი პრინციპები.

ხელისუფლებამ, რომელიც განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს, მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, შეიძლება უარი თქვას  იმ  ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპზე,  რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში,პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და დაბალ გადასახადებში„