გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:21 / 19 იანვარი 2017

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ

საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებებს ბუნებრივი აირის მწარმოებელ უმსხვილეს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლის თაობაზე, რაც გულისხმობს 2018 წლიდან ტრანზიტის საფასურის - ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი: ა. ითვალისწინებს რა საქართველოს წარსულ გამოცდილებასა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულ ენერგოკომპანიებზე დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს - რეგულარულ დივერსიულ აქტებს მაგისტრალურ გაზსადენებზე, მათ შორის 2006 წლის იანვარში; რუსეთის ხელისუფლების მიერ ე.წ. ენერგო ომის პოლიტიკური მიზნებისთვის წარმოების პრაქტიკას აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან - უკრაინა (1992-1994 წწ., 2005-2006 წწ., 2008-2009 წწ., 2013-2015 წწ.), ბელარუსი (2004 წ., 2007 წ.), მოლდოვა (2012 წ.); ბ. აღნიშნავს რა, რომ რუსეთის ფედერაციას დღემდე უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, მუდმივად ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს - საქართველოს მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და სხვ.; მუდმივად და ყველა მეთოდით, განსაკუთრებით, ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისა და შანტაჟის გზით, ცდილობს საქართველოსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას; გ. ხაზს უსვამს რა უშუალოდ „გაზპრომის“ როლს რუსეთის ხელისუფლების მიერ არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, როგორც საგარეო კურსის, ისე შიდა პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობაში; დ. აღნიშნავს რა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარეობს გასაიდუმლოებულ ფორმატში საჯარო განხილვისა და ფართო პოლიტიკურ სპექტრსა თუ სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე; ე. ხაზს უსვამს რა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში განსაზღვრული პირობების შედეგად, შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს საქართველოს ტერიტორიაზე „გაზპრომის“ მიერ განხორციელებული გაზის ტრანზიტიდან საქართველოს სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი; ადგენს: 1. აღნიშნული შეთანხმება საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და ინტერესებს; 2. აღნიშნული შეთანხმება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ მრავალგზის გაცხადებულ ნებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს; 3. დაუშვებელია სახელმწიფო ინტერესების საზიანო, მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური რისკების შემცველი შეთანხმების გაფორმება ისეთ არასანდო პარტნიორთან, როგორიც არის ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ მართული კომპანია „გაზპრომი“; 4. დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს აღნიშნული მოლაპარაკებების შინაარსი; 5. დადგეს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.