გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:00 / 8 ივნისი 2020

პარტიების განცხადება გიორგი რურუასთან დაკავშირებით

8 მარტს, აშშ-სა და ევროკავშირის დიპლომატიური მისიების თანამონაწილეობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ რეაგირებას მოახდენა იმ ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ასევე შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 15 მაისს პოლიტიკური პატიმრების, გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შეთანხების პირობების შესრულების თვალსაზრისით.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა.

სამართლებრივი ფიასკოს ფონზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით.

ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარე მიზანმიმართული სახელისუფლებლო კანპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც ხელისუფლებისგან მართულმა მედია საშუალებებმა უკანასკნელ დღებში წარმოიწყეს.

აშკარაა, რომ ადგილი აქვს მორიგ ჯერზე სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციის მცდელობას. ეს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის შეთანხმების საფუძველზე შემდგარ პოლიტიკურ კონსესუსს.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეასრულოს 8 მარტს აღებული ვალდებულებები, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაკლებლად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას.

 

გირჩი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ევროპული საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ახალი საქართველო

რესპუბლიკური პარტია

ლელო

ლეიბორისტული პარტია

სახელმწიფო ხალხისთვის

ერთიანი საქართველო

გამარჯვებული საქართველო

ევროპელი დემოკრატები

ქრისტიან-კონსერვატული პარტია

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

თავისუფალი დემოკრატები