გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:27 / 10 სექტემბერი 2016

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა ქუთაისში ახალგაზრდებთან შეხვედრისას პარტიის ახალგაზრდულ პოლიტიკაზე; ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივასა და მაღალი ხარისხის დასავლური განათლების მიღებაზე ისაუბრეს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი წერეთლის თქმით, ის შეთავაზება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის გუნდს აქვს სწორედ ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალგაზრდები უკეთეს გარემოსა და ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ქვეყნაში, რომელშიც არ იქნება კორუფცია და ნეპოტიზმი. ქვეყანაში, სადაც იქნება მეტი საშუალება, ისწავლონ, გამოავლინონ ნიჭი და უნარი, სადაც მათ არავინ დაჩაგრავს იმის გამო, რომ ვინმეს ნათესავები ან მდიდარი/გავლენიანი ოჯახის წევრები არ არიან“, - აღნიშნა წერეთელმა.

პარტიის ლიდერება ასევე ქუთაისის, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე იმსჯელეს და ახალგაზრდების კითხვებს მათთვის პრობლემურ საკითხებზე უპასუხეს.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული პროგრამის განხორციელება შექმნის გარემოს, სადაც დასავლური განათლების მიღების შემდეგ ნებისმიერი ახალგაზრდა საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს.

ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველო უნდა იყოს კორუფციისა და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ამ უკუსვლისა და სტაგნაციის ფონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოუტანა ქვეყანას, ახალგაზრდობა სწორ არჩევანს გააკეთებს, არჩევანი, რომელიც მათი უკეთესი მომავლისთვის იქნება“.