გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:02 / 25 იანვარი 2017

ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს.

"ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.

ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებულია.

სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი - დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე.