გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:11 / 7 ნოემბერი 2022

კვიტაიშვილი: ხელისუფლება ცდილობს მართვადი საგანმანათლებლო დაწესებულებები გვქონდეს

თბილისის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მისთვის მისაღები ხელმძღვანელი ჰყავდეს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებს, სადაც დღეს აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია, ერთადერთი რეგისტრირებული კანდიდატი, რომლის მიმართაც ბევრი კითხვა არსებობდა კორუფციის მიმართულებით.

იმ ფონზე, როცა საგანმანათლებლო სივრცეში და მათ შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით, განათლების ხარისხთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა დგას, მათ აღმოფხვრაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვისა და სტუდენტზე ორიენტირებული სისტემის გამართვის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში მისთვის მისაღები ხელმძღვანელი ჰყავდეს.

არაერთი წელია, სუს-ისა თუ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ზეწოლითა და მოქმედებებით „ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად მართვადი საგანმანათლებლო დაწესებულებები გვქონდეს, სადაც არც მოსწავლის, არც სტუდენტის ხმა არ ისმის და არ არის გათვალისწინებული მათი აზრი.

სწორედ ამიტომ შემაშფოთებელია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს, იქცეს სუს-ის, თეა წულუკიანისა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა გავლენების სივრცედ, რადგან საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რას აკეთებს წულუკიანი ხელოვნებაში - კლავს თავისუფლებასა და განვითარებას.

დემოკრატია მოითხოვს, რომ არჩევნები ტარდებოდეს კონკურენციის, საჯაროობის, გამჭვირვალობისა და მაღალი ნდობის ფარგლებში, დღეს არცერთი ეს კომპონენტი სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის. სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მართვის რუსულ მოდელს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს, შორს დადგეს უნივერსიტეტის მართვაში ჩარევისგან და დაიცვას უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპი" - აღნიშნა კვიტაიშვილმა.