გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:21 / 7 ნოემბერი 2022

ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს მოქალაქეების ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს

"ვიდრე კალაძე საკრებულოში მისვლას და ოპოზიციის მწვავე კითხვებს გაურბის, თბილისის მერისა და მერიის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფლანგვა გრძელდება" -აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება. ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, საქმე ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას. ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი სწორედ კახა კალაძეა.

მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ თითქოს რაიმე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის მიერ, ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი და ეს არის სასამართლო განჩინება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს სისხლის სამართლებრივი საქმე.

იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ჩვენ მოვუწოდებთ და მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, რომ გააკეთოს საჯარო განმარტებები რას და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნული თანხების გაფლანგვა, ჰყავთ თუ არა დაკითხული კახა კალაძე, კახა კალაძის ტოტალიზატორის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია და თუ არ ჰყავთ გამოკითხული, როდის იგეგმება ამ ადამიანების გამოკითხვა, რადგანაც ამ ქონებების განკარგვაზე პასუხისმგებელი იყვნენ კახა კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები"- აღნიშნა ნადირაძემ.