გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:13 / 30 ნოემბერი 2012

გიორგი ბარამიძე: ''შედეგი ამ დაკავებებისა ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა - ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში''

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან საპარლამენტო უმცირესობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ გიორგი კალანდაძის, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩანა ახალაიასა და შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის ყოფილი მეთაურის, ვიცე–პოლკოვნიკ ზურაბ შამათავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ დაკავებებმა უკვე მოუტანა ზიანი ქვეყნის დემოკრატიას, თავდაცვისუნარიონობასა და ნატო–ში გაწევრიანების პროცესს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე სასაცილო ბრალდებითაა დაკავებული.

„შედეგი ამ დაკავებებისა გუშინ, საღამოს უკვე გახდა ჩვენთვის ცნობილი – ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო ნატო–ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. განსაკუთრებულ შეშფოთებასა და გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება უარყოფს შემოთავაზებას, პრეზიდენტმა და პრემიერ – მინისტრმა ერთობლივად მიმართონ ალიანსს, რათა საქართველომ ნატო–ში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწიოს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

როგორც ცნობილია, დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ქვეყანას ნოემბრის ბოლოს უნდა წვეოდა.