გაზიარება
UNM UNM
მედია - 10:41 / 3 თებერვალი 2017

ენმ საზოგადოებას მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას მოსამართლეთა დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. საქმე ეხება მოსამართლეები მხრიდან პროკურატურისთვის მიმართვას, სადაც ისინი მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები ღიად საუბრობენ იმ მანკიერ სისტემაზე, რომელიც არა თუ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, არამედ ებრძვის თავისუფალ მედიას, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოქალაქეებს. ეს ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გააუქმოს სახელმწიფო და ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი.

მე მოვუწოდებ ყველა პროფესიულ ჯგუფს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, საზოგადოებას რომ გავერთიანდეთ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ერთსულოვნება, ერთ მუშტად შეკვრა. როგორც რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მაგალითი ვაჩვენეთ, გია ცერცვაძის გარშემო მოხდა კონსოლიდაცია, ასეთივე კონსოლიდაციაა ახლა საჭირო მოსამართლეების დასაცავად.

გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, ბატონი გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან უკვე ნათლად ჩანს, რომ ის ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია.

მივმართავ პრეზიდენტს, მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში დაიცვას მოსამართლეების უფლებები“ - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ამ ვითარებასი საინტერესოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაც.