გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:58 / 11 ნოემბერი 2017

ენმ სამძიმარს უცხადებს ლევან დოხნაძის ოჯახს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ ლევან დოხნაძის გარდაცვალების გამო.

ლევან დოხნაძე იყო საუკეთესო მეგობარი და ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი მოქალაქე. ის მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეას.

ლევან დოხნაძე დაიბადა 1961 წლის 18 ივნისს ტყიბულში. წლების განმავლობაში ბატონი ლევანი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ტყიბულის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

1995-1999 წლებში იყო ტყიბულის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე და ტყიბულის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1999-2004 წლებში ბატონი ლევანი იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2006 წელს გახდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2007-2012 წლებში ლევან დოხნაძე იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს.

2017 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი იყო მერობის კანდიდატად ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს გულმხურვალე პატრიოტის გარდაცვალების გამო.

გამოვთქვამთ მტკიცე რწმენას, რომ საქმე, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა ლევან დოხნაძე, აუცილებლად გამარჯვებით დაგვირგვინდება.