გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:42 / 17 იანვარი 2017

ენმ-ის რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი. პარტიის იმ წევრებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ყრილობას დაესწრონ, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე. ”მთავარი აქცენტები გაკეთდება თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.