გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:00 / 31 აგვისტო 2019

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს პრეზიდენტი იწყალებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზალიკო უდუმაშვილი საქართველოს პრეზიდენტისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვს, თუ ვისი დავალებით მოაწერა მან ხელი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის შეწყალებას.

„ჩვენ დღეს გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ანტისახელმწიფოებრივ და აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პირველმა პირმა, უფრო ზუსტად კი  ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა მიიღო. საქმე ეხება 21 წლის ახალგაზრდა პოლიციელის თარეშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, რომელსაც ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი.

გასაგებია რომ მას დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია თუ ვინ დაავალა. თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრლდებულის შეწყალებას.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიციელის ფარისთვის მუშტის დატყმაზე, გავრილოვის ღამის მონაწილე ჩვენ ვაჟკაც ბჭებს 7 წლიანი პატიმრობით ემუქრებიან, ხოლო პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს, 3 წლის შემდეგ ათავისუფლებენ.

ესაა შეურაცხყოფა არამხოლოდ მუკბანინაის ოჯახის, არამედ პოლიციელების. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი დაცულად, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცულები.

ზურაბიშვილმა საფრანგეთში ყოფნის დროს განაცხადა, რომ თილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა განცხადებას ამ თემაზე, ჩვენ მოვითხოვთ რომ ორშაბათსვე განუმარტოს საზოგადოებას თუ ვისი დავალებით მოაწერა ხელი შეწყალების აქტს.

ჩვენ არ მივიღებთ ორაზროვან და აბსურდულ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება.  ველოდებით კითხვებზე პასუხს და აუცილებლად მივიღებთ მას, რადგან საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება რომ საქართველოს კრიმინალების მფარველი პრეზიდენტი ჰყავდეს“ - განაცხადა უდუმაშვილმა.