გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:53 / 4 ოქტომბერი 2016

2017 წლის ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი ჩინოვნიკების ანაზღაურებასა და პრემიებზეა გათვალისწინებული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის (ოლქი 3) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი ქართულ ოცნებას ახალ ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებს. ცისკარიშვილის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი აცდენილია იმ დაპირებებს, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ წარადგინა.

"სწრაფი განვითარების ზოგადი კრიტერიუმი არ არსებობს, ქართული ოცნება კი სწრაფ განვითარებაზე მინიმუმ 7 – 8 %-იან ზრდაზე საუბრობს. ეფექტიანი ხელისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია 10 – 12%-იან ზრდაც, თუმცა ქართული ოცნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 %-იან ზრდას გვპირდება, რაც ასეთი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. 4 პროცენტიანი ზრდა დაახლოებით დღევანდელი პოლონეთის ცხოვრების დონეა, რასაც ჩვენ 35 – 40 წლის შემდეგ დავეწევით. ესაა ქართული ოცნების სწრაფი განვითარება.

ასევე, მთავრობა პედაგოგებს გაზრდილ ანაზღაურებას ჰპირდება. პედაგოგის ანაზღაურება 800 ლარი რომ გახდეს, განათლების სამინისტროს ბიუჯეტში მინიმუმ დამატებით 225 მილიონი ლარი უნდა იყოს გათვალისწინებული. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 25 მილიონი ლარია, სადაც არაფერია ნათქვამი ხელფასების ზრდაზე.

ამ ბიუჯეტის გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება პენსიების გაზრდა, რადგან 95 მილიონი ლარით ზრდა, სექტემბერში 20 ლარით გაზრდილი პენსიის დაფარვასაც კი ვერ უზრუნველყოფს. დღევანდელი პენსიის რაოდენობის შენარჩუნებისთვისაც კი აუცილებელია მაგ. სოციალურ დახმარებას დააკლონ ბიუჯეტი. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ ფულის დაზოგვას ისევ ადამიანებისთვის სოციალური სტატუსის შეჩერებით აპირებს.

ამასთან,  ოცნების ერთ-ერთი გრანდიოზული ტყუილი ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეხება. ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით ბიუჯეტში მილიარდი ლარის ფარგლებში დებდნენ, მომავალ წელსაც მილიარდია გათვალისწინებული, თუმცა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ მილიარდიდან, როგორც წესი, 200 მილიონ ლარს, დაახლოებით 20%-ს ვერცერთ წელს ვერ ითვისებენ.    

განხორციელებისა და ბიუჯეტის ათვისების შემთხვევაშიც კი - გამოგონილი 50 გვირაბი, 800 კილომეტრი გზა და ხიდები ვერ აშენდება, რადგან მინიმალური გათვლებით ამას რვა მილიარდი ლარი სჭირდება, მათ კი მხოლოდ მილიარდი აქვთ",- განაცხადა ცისკარიშვილმა.