გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გიორგი ვაშაძე - ამ პარლამენტს აქვს შესაძლობლობა საკუთარი კვალი და ადგილი ისტორიაში დატოვოს

ჩვენ ვამთავრებთ მოღვაწეობას ამ მოწვევის პარლამენტში და გვაქვს მარტივი შესაძლებლობა, რომ ამ პარლამენტმა თავისი დემოკრატიული და პრინციპული გადაწყვეტილებით ისტორიაში დატოვოს საკუთარი კვალი და ადგილი; გაითვალისწინოს მოქალაქეების აზრი და რეალურად, ფუნდამენტურად შეცვალოს საარჩევნო სისტემა; რეალურად თქვას, რომ დიახ, აღარ მოირგებს არც ერთი პოლიტიკური ძალა საკუთარ თავზე საარჩევნო სისტემას, არამედ საქართველოში იქნება საარჩევნო სისტემა, რომელიც დაიცავს თითოეული ამომრჩევლის ინტერესს”, - განაცხადა გიორგი ვაშეძემ. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ მოწვევის დეპუტატებს შეეძლებათ იამაყონ და ხმამაღლა თქვან, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მწვავე დისკუსიებისა და კამათისა, ამ პარლამენტმა თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა საქართველოს პარლამენტარიზმის და დემოკრატიის განვითარების ისტორიაში. ”თუ ამ ცვლილებებს არ დავუჭერთ მხარს, ეს ნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა გამოწვევებს ვერ უპასუხა და ისე დაასრულა საქმიანობა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოში პარლამენტარიზმის, დემოკრატიის და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების კუთხით”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია პარლამენტის დაკომპლექტება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული და სამხარეო პროპორციული სისტემით პარლამენტის წევრებისგან. ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებები 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს. დღესვე დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 4%-მდე შემცირება.