გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით

ზუსტად საუკუნის წინ, 1917 წლის 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მეოცე საუკუნის დასაწყისის მოწინავე საზოგადოებისა და ქართული სამღვდელოების მოძრაობა რუსეთის იმპერიის მიერ ძალმომრეობით, მათ შორის საეკლესიო წესების დარღვევით, გაუქმებული ავტოკეფალიის აღსადგენად. უკვე 1917 წლის სექტემბერში, საეკლესიო კრებამ კათოლიკოს – პატრიარქად კირიონ მეორე აირჩია, რომელიც ეკლესიის ამოცანებს შორის ერთ–ერთ უმთავრეს ამოცანად ასახელებდა: „ მედგრად გაახსენოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა. ხელი შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენც ვპოვოთ შესაფერი და დამსახურებული ადგილი.“

რუსეთის იმპერიამ ჯერ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მოუღო ბოლო, შემდეგ ქართული ეკლესია დაიქვემდებარა. სიმბოლურია, რომ მოგვიანებით, ჯერ ქართულმა ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, შემდეგ კი საქართველომ – სახელმწიფოებრიობის აღდგენის თაობაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მართლაც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს. გვჯერა, ის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ( მიუხედავად მათი აღმსარებლობისა), როგორც თავისუფლების უდიდესი ფასისა და მნიშვნელობის შემახსენებელი. სწორედ თავისუფლება გვასწავლის თანასწორობას, ერთმანეთისადმი და სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობას.