მედია

ახალი ამბები

ცესკო გეგმავს, რომ ენმ-ის კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაუშვას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაუშვას. „გუშინ ვიხილეთ როგორ იგეგმება ოქმებზე ხელის არ მოწერა და დღეს შევიტყვეთ, რომ დაგეგმილია, რომ კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააყოლონ გადასატან ყუთებს. ანუ გამოდის, რომ გეგმავენ, რომ დილის 9:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე კომისიის წევრები იყვნენ შტაბიდან გარეთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს. ქვეყნის მასშტაბით, 3 700-მდე საარჩევნო უბანზე ამავე რაოდენობის ჩვენი წევრი დარჩება უბანზე და არ გაჰყვება გადასატან ყუთს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რომ ლარი ხვალამდე არ გაუფასურდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველო არჩევნებს გაცილებით ღარიბი ხვდება, ვიდრე 2012 წელს იყო.„მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა ფულად საკრედიტო ბაზარზე, ლარი მთავრობას კბილებით უჭირავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხვალამდე არ გაუფასურდეს. ეროვნული ბანკი ახორციელებს დიდძალ ინტერვენციას, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე გაიყიდა 160 მილიონი დოლარი და ბოლო ორ კვირაში განხორციელდა 120 მილიონი დოლარის ფარგლებში ინტერვენცია. არ არის გამორიცხული, დღესაც შეატყობინოს ბიზნესს ეროვნულმა ბანკმა, რომ აპირებს დოლარის გამოტანას ორშაბათისთვის, რომ ლარი დაამშვიდოს და შექმნას ლარის სტაბილურობის ილუზიები“, - განაცხადა გოცირიძემ.

Pages