მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. ”იმისათვის, რომ ქუთაისმა კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა დაიბრუნოს, ქუთაისისადმი განსხვავებული მიდგომაა საჭირო. ქუთაისს სჭირდება მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა. სჭირდება ადამიანი, რომელიც მოიძიებს რესურსებს და ინვესტიციებს ქუთაისელების საკეთილდღეოდ. სჭირდება ადამიანი, რომელიც ქუთაისს მოაქცევს საყოველთაო ყურადღების ცენტრში.  აქედან გამომდინარე, ჩვენმა განახლებულმა პოლიტიკურმა გუნდმა ყველაზე დიდხანს იფიქრა ქუთაისის მერობის კანდიდატის შერჩევისას. მე წარმოგიდგენთ უნიკალური გამოცდილების პოლიტიკოსს, რომელიც ყველასთვის ცნობილია არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ის წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში უმსხვილესი ინვესტორების შემოყვანა. მის სახელს უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. მისი ენერგია და ინტელექტუალური რესურსი, როგორც არასდროს ისე სჭირდება ქუთაისს და ქუთაისელებს" - აღნიშნა მელიამ.გრიგოლ ვაშაძემ კი ქუთაისის განვითარების მისეულ ხედვაზე ისაუბრა. „ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. საჭიროა დამატებითი სახსრების მოძიება, და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. პირველ რიგში, ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირების ხარჯზე, ქალაქს გამოუთავისუფლდება მინიმუმ 10 მილიონი ლარი, რაც განვითარებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სპორტზე და კულტურაზე გადამისამართდება. არავითარ პრემიას არავინ აღარ მიიღებს. არავის აღარ ეყოლება პერსონალური ავტომობილი მძღოლით. რამდენიმე მორიგე მანქანაც საკმარისი იქნება მერიისთვის. სჯობს ეს ავტოპარკი გავყიდოთ აუქციონზე და ამის ხარჯზე დამატებითი სასწრაფო დახმარების მანქანები ვიყიდოთ.ქუთაისის განვითარების ერთერთ უმთავრეს წინაპირობას ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში ვხედავ.  როდესაც ქალაქის გარშემო გვაქვს ბუნების სასწაულები - სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი და სხვა მრავალი არქიტექტურული შედევრი, გელათი, მოწამეთა, ბაგრატი, იმერეთის ულამაზესი ბუნება, ოპერა, დრამატული თეატრი - დანაშაულია ამ პოტენციალის არგამოყენება. გამარჯვების შემთხვევაში პირველი ტურისტული ობიექტის შექმნა დაიწყება სამ თვეში, წლის ბოლოს კი 5 ასეთი ობიექტი ექნება ქუთაისს, რაც ასეულობით ახალ, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს გააჩენს. მე დაგეხმარებით ინვესტიცების მოზიდვაშიც, თუმცა მარტო ქალაქის ხელისუფლებას არაფერი შეუძლია, თქვენი ჩართულობის, სურვილის და შრომის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ და ერთად უნდა დავამარცხოთ სიღარიბე.ქუთაისი ტრადიციულად არის მაღალი განათლების ქალაქი. არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სიღარიბეს, უარი გვათქმევინოს სრულფასოვანი განათლების მიღებაზე. ქალაქი ვალდებულია დაეხმაროს ყველა მოქალაქეს ამაში. დაწესდება მერის სტიპენდია გაჭირვებული ოჯახებისთვის და ასევე სპეციალური ფონდი, განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად.უდიდესი უსამართლობა და ტრაგედიაა, როდესაც ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ჯანდაცვის სახსრები არა აქვთ. ამ დროს, ქუთაისელებს უნდა ქონდეთ ქალაქის ხელისუფლების იმედი და თავს არ გრძნობდნენ მიტოვებულად და დაუცველად. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სპეციალური ფონდი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ისეთი ოპერაციებისთვის, რომელთა გაკეთებაც საქართველოში შეუძლებელია.უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ახალგაზრდობა და სპორტი. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს რაგბიში და ფეხბურთში საქართელოს ჩემპიონობის ტიტულები, ამას კი ამ სფეროზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბავშვთა ფეხბურთის და რაგბის ხელშეწყობა სჭირდება. ჩემს პრიორიტეტებში ეს საკითხიც შედის და გპირდებით, ჩვენ დავიბრუნებთ დიდი სპორტული ქალაქის სტატუსს.ქუთაისს უბრწყინვალესი და საამაყო ისტორია აქვს. ამ ქალაქის შვილებს საერთო ქართულ საქმეში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, მაგრამ გვეყოფა წარსულით ცხოვრება! დრო არის, ვიშრომოთ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენი დროით იამაყონ. ეს კი ქალაქის განვითარების, ქალაქისთვის ახალი პერსპექტივების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არის შესაძლებელი. ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ! „  

ტყეებში ხანძრების პარალელურად, ივანიშვილის კომპანია რაჭაში უნიკალურ ტყეს ანადგურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შეაჩეროს რაჭაში ხე-ტყის ჩეხვა და უნიკალური ტყის განადგურება. საქმე ეხება მთავრობის   2017 წლის 19 მაისის # 990 განკარგულებას, რომელსაც ხელს  პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აწერს და რითაც ივანიშვილის კომპანია „ატუ“-ს რაჭაში,  შაორის ტბის მიმდებარედ 3 500 ძირი ხის მოჭრის ნებართვას აძლებს.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ ისაუბრა. „ჯამში, რაჭაში, ივანიშვილმა და მისმა კომპაიამ 40 000-ზე მეტი უნიკალური ჯიშის ხე მოჭრა. საერთო ფართობზე 168 ჰექტარი. მაშინ, როდესაც თითქმის მთელი საქართველოს ტყეები გადაიწვა და ხანძრების ლიკვიდაცია სრულად არც მომხდარა,  ივანიშვილი  ფულის საკეთებლად ხეების ჩეხვას აგრძელებს.წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მერსედესის ტიპის ტვირთმზიდავები (სახელმწიფო ნომრებით MAI-571, MAI-572, MAI-573, MAI-574, MAI-575, MAI-576, MAI-577, MAI-578, MAI-858) ყოველდღიურ რეჟიმში მორებით დატვირთული მიემართება საჩხერეში, საიდანაც უკვე გადამუშავებული სახით გაედინება აღნიშნული ხე-ტყე გაურკვეველი მიმართულებით.მივმართავთ არასამთავრობო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, დროა დაინტერესდენენ ამ ფაქტით და ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ეს ბოროტება.  მზად ვარ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს  ვაჩვენო კონკრეტული ადგილი, თუ სად ხდება ხეების განადგურება. ამ ფოტო და ვიდეო მასალას გადავუგზავნით მსოფლიო გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც. მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, დაუყოვებლივ შეწყვიტონ რაჭაში ხეების ჩეხვა, გამოიყვანონ ტყიდან სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გამოვიყენებთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, ცხადია  კანონის ფარგლებში და არ მივცემთ მთავრობის განკარგულებებს ამოფარებულ, ბრაკონიერ ივანიშვილს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.“

Pages