გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:42 / 20 ნოემბერი 2017

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივა „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ბიუჯეტის დეფიციტის ეფექტური კონტროლის და საშუალოვადიანი ფისკალური სტაბილურობის მიღწევის მიზნით, საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად  ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც  „საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

    

დღეს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის აღრიცხვისათვის იყენებს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ მეთოდოლოგიას, რომელიც ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდი  ბიუჯეტის სრული დეფიციტის მოცულობას არ ასახავს, რომლსაც მთავრობა ყოველწლიურად საშინაო და საგარეო ვალის აღებით აფინანსებს. შედეგად, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული დეფიციტი ყოველ წელს დაბალ, დაახლოებით 1%-იან ნიშნულზე ფიქსირდება.

 

პარალელურად, დეფიციტის სრული და რეალური მოცულობის გაანგარიშების მიზნებისათვის და ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისათვის,   როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად იყენებებს ბიუჯეტის დეფიციტის დათვლის განსხვავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც უფრო დეტალურად და რეალისტურად ასახავს ბიუჯეტის დეფიციტს და რომლის მიხედვითაც გაანგარიშებული ბიუჯეტის დეფიციტი ყოველწლიურად აღემატება 3%-ს.  აღნიშნული არ წარმოადგენს კანონით დადგენილ ბიუჯეტის დეფიციტის აღრიცხვის მეთოდს და გამოიყენება მხოლოდ სამუშაო მიზნებისათვის.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი გულისხმობს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ბიუჯეტის პროფიციტის/დეფიციტის გაანგარიშების მეთოდის ცვლილებას. დეფიციტის გაანგარიშების ინიცირებული მეთოდოლოგიის დანერგვა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის სრული სურათის ასახვას, რომელიც შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ მეთოდოლოგიასთან,  ასევე  მეტადაა ორიენტირებული არამდგრადი ფისკალური პოლიტიკის პრევენციაზე.

 

აღნიშნული კანონპროექტი განიხილული იქნება პარლამენტის ბიუროს 20 ნოემბრის სხდომაზე.