გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:34 / 22 თებერვალი 2017

ორი გასაღების სისტემა და მოსმენების მონიტორინგის შესაძლებლობა - ენმ-ის ინიციატივა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის, რომელიც ითვალისწინებს, ერთის მხრივ, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ეფექტურ გარანტიებს და მეორეს მხრივ, არ შეაფერხებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი სამსახურების მუშაობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

აღნიშნული ინიციატივის პარლამეტში რეგისტრაციამდე, ის მედიას პარტიის ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გააცნო.

ენმ-ის ინიციატივა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

1. შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. იგი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ფარული მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს განთავსებული.

2. ორი გასაღების პრინციპი - ერთი ზემოაღნიშნული უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში. ორივე ამ გასაღების „ჩართვაა“ საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.

3. სახალხო დამცველს, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ერთ და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებიდან ერთ წევრს მიეცეთ ფარული მოსმენების მონიტორინგის და კანონიერების შემოწმების უფლება - სახალხო დამცველს და პარალმენტის ორ წევრს (ერთს შეარჩევს  უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო ოპოზიცია) ექნებათ შეუზღუდავი (დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ხანგრძლივობით) წვდომა ადგილზე იმ ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საიდანაც ხდება ფარული მოსმენა და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებთან (სამართალდამცავი ორგანოს შუამდგომლობა სასამართლოსადმი და სასამართლოს გადაწყვეტილება; ან დადგენილება გადაუდებელი ფარული მოსმენის თაობაზე და შემდგომი სასამართლო თანხმობა), რის საფუძველზე ხდება მოსმენის განხორციელება. ამ პირებს მიენიჭებათ უფლებამოსილება მობილური ოპერატორებისგან მიიღონ ინფორმაცია შესაძლო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. მონიტორინგის განმახორციელებელი ზემოაღნიშნულ პირებს მიყურადების ქვეშ მყოფი საუბრის შინაარსზე დაშვება აქვთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად ვერ ხერხდება მიყურადების კანონიერების შემოწმება.  ეს პირები ხელს აწერენ ინფორმაციის გაუთქმელობის დოკუმენტს. ამ ინიციატივით იქმნება ფარული მოსმენის კანონიერების შესწავლის ეფექტური მექანიზმი.

ერთიანი ნაციონაური მოძრაობა მზადაა  ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.