გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:06 / 19 თებერვალი 2018

მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო, ენმ ქუმსიშვილისა და ჯეჯელავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს

მედიაზე განხორციელებული ზეწოლისა და ზოგადად, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების გამო, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნაც მოწმობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომასა და მისი და ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ამ მოთხოვნით პარტი საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც მიმართავს.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში განვითარებულ ძალიან სახიფათო მოვლენას, რომელიც  ხელისუფლების მხრიდან მედიაპლურალიზმსა და კრიტიკულ აზრზე თავდასხმას უკავშირდება.  ვგულისხმობ  ტელეკომპანია პირველის მფლობელზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ რეკეტს, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახორციელებენ. ისინი არიან ივანიშვილის პირადი რეიდერები. ეს ადმაინები ტელეკომპანიის მფლობელს აძალებდნენ, რომ  წილი სხვისთვის დაეთმო, რომელიც ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა. ეს  პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს ხელისუფლება მედიისა და ბიზნესის მიმართ ღია რეკეტს ახორციელებს - ჩვენ კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“- ის საქმე, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა; ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს - მაღლაფერიძემ ის ივანიშვილის პირად ტელევიზიად გადააქცია; გვახსოვს „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ კონგლომერატის  შექმნა და აქ თითქმის საერთოდ არ ისმის კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ. 

ეს რეკეტი მოწმობს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს და  ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი შეასუსტოს. სწორედ ამაზეა საუბარი რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სადაზერვო  სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია, შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველობის სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს.

აქვე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ტელეკომპანია პირველის ყველა ჟურნალისტისა და მენეჯმენტის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ისინი ნამდვილად ღირსეულად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და აშუქებენ იმ პრობელემებს, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ივანიშვილის პირადმა რეიდერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დატოვოს თანამდებობა. ასევე, მისი და ჯეჯელავას მიმართ  დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართავთ გენერალურ პროკურატურასაც.

ასევე, ვაფიქსირებთ მზადყოფნას ვისაუბროთ მედიაგარემოზე ყველა დაინტერესებულ სუბიქტთან, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები.“