გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:18 / 15 ივნისი 2017

იბრაგიმოვის აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ლაფანყურის ტრაგედისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებით ქვეყნის უშიშროებას საფრთხე შეუქმნა და ამაზე იბრაგიმოვის აღიარება მეტყველებს.

"მინდა გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ცნობები. ავსტრიაში, ევროპული სასამართლოს წინაშე, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩეჩენმა მებრძოლმა იბრაგიმოვმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი აგენტი, ასრულებდა ფსბ-ს დავალებებს და პირადად იღებდა ამ დავალებებს კადიროვისგან.

იბრაგიმოვის ეს აღიარება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ პროვოკაციის მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია მისი შეცვლის მიზნით.

"ქართული ოცნების" პირველივე ნაბიჯები და კომენტარები მიმართული იყო იქით, რომ ბრალი აეცილებინა რუსეთის ხელისუფლებისთვის და დაედანაშაულებინა საქართველოს მთავრობა მომხდარ ტრაგედიაში.

ეს განცხადებები სრულიად იდენტური იყო იმ განცხადებებთან, რომელსაც იმ პერიოდში აკეთებდა რუსეთის ხელისუფლება. მაგალითისთვის გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს, რომ გამოძიების შედეგები იქნება შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის და დიდი ალბათობით ტერორისტები მართლაც გადიოდნენ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე.

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე აჰმედ ჩატაევი, რომელიც არის საერთაშორისო ტერორისტი და შესულია აშშ-ს სპეციალური ტერორისტების სიაში. ის ახალი გარემოებები, რომელზეც ვსაუბრობთ და იბრაგიმოვის აღიარება ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლაფანყურის ტრაგედია გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის უშიშროება და უსაფრთხოება. ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სახელმწიფოს მოქმედება იყო სწორი, ეფექტური და ერთადერთი შესაძლებელი იმ ვითარებაში".