გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:15 / 13 აპრილი 2017

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა

ძალაუფლების სრული უზურპაცია, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, მისი უფლებამოსილებების შემცირება, მმართველი გუნდის ინტერესებს მორგებული საარჩევნო წესების შემოღება და რეგიონების ინტერესების შელახვა, რაც ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაში გამოიხატება -  ეს ის საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო კომისია თვალის ახვევის მიზნითაა შექმნილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს ამაში მონაწილეობას და სწორედ ამიტომ,  საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ისაუბრა.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ისევე როგორც კომისიის სხვა წევრები, მაქსიმალურად ვეცადეთ  საკონსტიტუციო ცვლილებები  დემოკრატიისკენ  წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო და ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებები  მაღალი პოლიტიკური თანხმობის საფუძველზე განხორიცლებულიყო, რაც  ქვეყანაში სტაბილურობის წინაპირობას შექმნიდა.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას  სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა ის ამ კომისიის მუშაობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად განიხილავს.

ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს იმედს საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის ვენეციის კომისია  ყურადღებას მიაპყრობს მიმდინარე პროცესებს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ