გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:15 / 13 ივნისი 2017

ენმ პრემიერს მოუწოდებს დასეტყვილი სოფლები მოინახულოს და პირადად გაეცნოს ზარალს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს კახეთში, სეტყვით დაზარალებული სოფლები მოინახულონ, აღწერონ ზარალი და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა ისაბრა.

მინდა ვისაუბრო პრობლემაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად კახეთის რეგიონს აწუხებს. ხელისუფლების ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი იყო. აღნიშნული პროექტი  ხელისუფლებას 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ყოველწლიურად კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება შესაბამისი ჭურვების შესაძენად. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერის განკარგულებით, ტენდერისთვის, რომლითაც შესაბამისი ჭურვები უნდა შეძენილიყო 1.5 მილიონი გამოიყო.

ფაქტობრივად ის თანხები, რომელიც ხელისუფლებამ 2015 წელს გადაიხადა და შემდეგ ყოველწლიურად იხარჯება, წყალშია გადაყრილი, რადგან 40 დასეტყვილი სოფელი გვაქვს, სადაც ხელისფულებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

მივმართავთ ხელისუფლებას:

სასწრაფოდ ჩავიდეს კახეთში პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილზე შეისწავლონ ზარალის მასშტაბები და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას

აღნიშნული სოფლები გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად და სასწრაფოდ დაიწყოს ზარალის ანაზღაურება

დაზარალებული გლეხები 2017 წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ასევე, ხელისუფლებამ იზრუნოს აღნიშნულ გლეხებს გაეწიოთ შეღავათები იმ სესხებზე, რომლებიც   სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსავლელად  აქვთ აღებული.