გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:15 / 14 ნოემბერი 2017

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ პოლიტსაბჭოს წევრ, ადვოკატ გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების პრაქტიკის გაგრძელებაა.

გიორგი ონიანის დაპატიმრება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და ადვოკატების დევნა, სისტემურ ხასიათს ატარებს და სამართლებრივი ბერკეტები კვლავაც აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ.

გიორგი ონიანის საქმე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის თვალნათელი ნიმუშია, რაც უგულებელყოფს  ევროსაბჭოს წევრ და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება  ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ამოცანებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს პოლიტიკური ძალადობის უკანონო აქტს, რომელიც გიორგი ონიანის წინააღმდეგ ხელისუფლების უკანონო დაკვეთით განხორციელდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ საზოგადოებას, ხმა აიმაღლონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტის წინააღმდეგ.