გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:00 / 15 მაისი 2017

ენმ ფარცხალაძის წინასწარ პატიმრობას ითხოვს და მასსა და მერიას შორის გაფორმებულ გარიგებაზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას მიმართავს ლაშა თორდიას ცემის ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გასაჯაროვდეს და გამოძიება ადეკვატური მუხლით წარიმართოს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია სცემეს.

მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს- ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია.  ივანიშვილების კლანი მალე მოშორდება ამ ქვეყანას. ნუ იზამთ ისე, რომ თვალებში ვერ ჩახედოთ შვილებს და მოგიწიოთ თვალებში ჩახედოთ მართმსაჯულებას.

მინდა მივმართო პროკურატურის ფორმალურ ხელმძღვანელობას.

მოვითხოვთ:

1. გასაჯაროვდეს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ყველა ფირი.

2. მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიება წარიმართოს ადეკვატური სიმძიმის მუხლით.

3. პროკურატურამ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გამართლებულია. ფარცხალაძე არის  ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას. მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება.

დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება ომში არა პოლიტიკურ ძალასთან, არამედ მაფიოზურ სინდიკატთან, რომლის ერთერთი სახე არის ოთარ ფრაცხალაძე.

ახლა თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე მოგახსენებთ იმ ერთერთი დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც მოხდა თავდასხმა ლაშა თორდიაზე’’ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ირაკლი ნადირაძემ კი ფარცხალაძის დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა.

„წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შემდეგი - კომპანიას, რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცვლეობას, მიწა დაჩქარებული წესით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი ფარცხალაძე გახდა. ამავე დოკუმენტში ჩანს, რომ ოთარ ფარცხალაძე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ითხოვს 4, 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც დაგეგმილი იყო რეკრეაციული ზონის შექმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახლა ის მერიისგან ითხოვს ამ მილიონს კიდევ მილიონები შეემატოს და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს.

ჩვენ მოვითხოვთ თბილისის მერისგან ნუ ჩაიდენს მორიგ დანაშაულს და შეაჩეროს ამ საკითხის განხილვა, ნუ დაარღვევს მოსახლეობის ინტერესებს. „