გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:44 / 20 ნოემბერი 2017

ენმ: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვაში პოლიტიკური ნიშნით ხელმძღვანელობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს  და მოითხოვს საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კონსტიტუციური ვალდებულებების შეუსრულებლობა და უარი თქვას საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში პოლიტიკური ნიშნით შერჩევითობაზე.

უკრაინის მთავრობამ უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით , ასევე, გაეროს ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციით დაცული უფლებების ხელყოფითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–9 და მე–13 მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით მოახდინა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაცია, რასაც წინ უძღოდა მათი უკანონო დაპატიმრება და ადამიანური ღირსების უხეში შელახვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა კონსტიტუციური ვალდებულებაგაეტარებინა საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვის ღონისძიებანი: მიემართა უკრაინის ხელისუფლებისთვის და გაეპროტესტებინა საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვის ფაქტები. ოპერატიულად დაედგინა გატაცებულების ადგილსამყოფელი და მათი მდგომარეობა, მოეთხოვა მათთან უფლებადამცველების შეშვება და ..

საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების ბედისადმი გამოავლინა სრული გულგრილობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა. მით უფრო, რომ საქმე ეხება ჟურნალისტს და უკრაინაში, უკრაინის და საქართველოს საერთო მტერთან ბრძოლაში დამსახურებულ ჩვენს თანამოქალაქეებს. ისინი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდნენ უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიისგან. მიგვაჩნია, რომ უკრაინაში, საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების, პატივისა და ღირსების უხეში ფორმებით დარღვევის ფაქტებისადმი ასეთი დამოკიდებულების საფუძველი არის პოლიტიკური დისკრიმინაცია და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე შერჩევითი ნიშნით უარის თქმა, რაც არის მორიგი საგანგაშო გამოვლინება ივანიშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობისა.

საქართველოს მოქალაქეების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედებებით, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ზიანს აყენებენ უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას, ეს კი კატეგორიულად დაუშვებელია. უკრაინაც და საქართველოც რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს გამორჩეული მეგობრობა, საერთო გამოწვევები და ამოცანები, რაც უპირველესად გულისხმობს დეოკუპაციას და ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას.

მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კონსტიტუციური ვალდებულებების შეუსრულებლობა და უარი თქვას საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში პოლიტიკური ნიშნით შერჩევითობის პრინციპით ხელმძღვანელობაზე.