გაზიარება
UNM UNM
მედია - 20:49 / 27 ივლისი 2017

ენმ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით ენმ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილისა და პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს.

უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ სახეზეა ორ ოლიგარქს შორის გარიგება, რომლის მიზნები სრულ თანხვედრაშია ქართველი და უკრაინელი ხალხების საერთო მტრის, რუსეთის მიზნებთან.

იმედი გვქონდა, რომ ხუთი წლის თავზე მაინც, ივანიშვილის რეჟიმი შეძლებდა გადაებიჯებინა ვიწროპარტიული ბოღმისთვის და სახელმწიფოებრივად მიდგომოდა მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობას.

მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხი იყო მოლაპარაკების მთავარი თემა ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის.

ასევე, ივანიშვილის რეჟიმი, ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად, აგრძელებს პუტინის დავალებების შესრულებას ან, როგორც მინიმუმ, პუტინის მიზნებთან სინქრონში თამაშს.

ამით, ორ ოლიგარქს სურს პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოაშოროს რეგიონში ანტიპუტინური ფრონტის მთავარი ფიგურა, პოსტსაბჭოთა სივრცეში გატარებული წარმატებული რეფორმების ერთადერთი მაგალითი და სიმბოლო.

ამ გარიგებით, ოლიგარქებს სურთ რეგიონში თავისუფლების ფრონტის დასუსტება და ანტიდასავლური ძალების გაძლიერება, რომლებიც აფერხებენ ქართველი და უკრაინელი ხალხების ბრძოლას თავისუფლებისთვის.

3 თვეში საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის ნების მოსალოდნელ გაყალბებაზე, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ძალადობაზე, ლეგალიზებულ მოსყიდვაზე, ივანიშვილის შავ ფულზე, ქურდული სამყაროსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.

მაგრამ როგორ შეიძლება სამართლიანი და დემოკრატიული ეწოდოს საარჩევნო გარემოს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ დევნილობაშია, როცა ჩვენი სხვა ლიდერები ციხეში ან ასევე იძულებით დევნილობაში იმყოფებიან და როცა ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული?

უადგილოა არჩევნების ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი, როცა მეხუთე წელია, ირღვევა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები და ორგანიზებულად იდევნება პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ოთხივე საქმიდან განაჩენი არც ერთზე არ დამდგარა. ნებისმიერი კეთილსინდისიერი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ოთხივე საქმე თავისი შინაარსით სამარცხვინოა და ამჟღავნებს ივანიშვილის რეჟიმის რეალურ მისწრაფებებს, რასაც საერთო არაფერი აქვს ქართველი ერის მიზნებთან.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის და პროდასავლური ოპოზიციის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილისა და პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ამომრჩეველმა და არა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ და ოლიგარქების კულუარულმა გარიგებამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოლომდე იბრძოლებს საქართველოში პუტინისადმი ლოიალურად განწყობილი, ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის დასასრულებლად.