გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:47 / 31 მარტი 2017

ენმ განათლების და მეცნიერების სამინისტროს  სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების და მეცნიერების ჯგუფის წარმომადგენელმა ნინო კვიტაიშვილმა ისაუბრა. ამასთან, პარტიამ სამინისტროს წერილითაც მიმართა.

წერილში ნათქვამია, რომ ახალი სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ ავტორებთან და გამომცემლობებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ გამომცემლობათა მიმართ ხელისუფლების ამჟამინდელი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის იქ დასაქმებულ ასობით ადამიანს.

გამომცემლობებთან თანამშრომლობის გზაზე კი ერთ-ერთი თითქოს ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხია სახელმძღვანელოების გრიფირება.

გაუგებარია, თუ რატომ გადაავადა სამინისტრომ გრიფირების პროცესის დაწყება. ბუნდოვანია 2017 წლის თებერვალში დაამტკიცებული გრიფირების ახალი წესი, რომელიც  ნეპოტისტურსა და კაბალურს ხდის მთელ რიგ პროცესებს.

მაგალითად, გამომცემლობებს სამინისტრო უქმნის კაბალურ პირობებს, როცა მათთვის თუნდაც ყოვლად მიუღებელ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აჯარიმებს 50 000 ლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყანაში საგამომცემლო საქმეს.

ამ წესის თანახმად სამინისტრო უფლებამოსილია ხელშეკრულება გააფორმოს იმ სახელმძღვანელოების შესყიდვასა და მოსწავლეებისთვის მიწოდებაზე, რომლებიც შესაძლოა შეფასებული იყოს ყველაზე დაბალი ქულით, რაც რა თქმა უნდა მძიმედ აისახება მოსწავლეთა ცოდნაზე, განათლების ხარისხზე.

მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს გადახედოს გრიფირების წესს და გათვალისწინებული იქნას დარგის ექსპერტებისა და გამომცემელთა რეკომენდაციები და დროულად გამოაცხადოს გრიფირება, რათა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი სახელმძღვანელოები.

  • შეცვალოს გრიფირების წესი და მინისტრის უფლებამოსილება გრიფის კონკურსგარეშე მინიჭების თაობაზე გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გრიფირების შედეგად გამოვლენილი სახელმძღვანელო ან სახელმძღვანელო/სერია შექმნილია (სამსახურებრივი ნაწარმოები) მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
  • ამოღებულ იქნას გრიფირების წესიდან გამომცემლობების მიმართ საჯარიმო სანქცია, იმ შემთხვევაზე, როცა ისინი არ თანხმდებიან ხელშეკრულების გაფორმებას.
  • სახელმძღვანელოს მიენიჭოს გრიფი 6 წლის ვადით.