გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:35 / 29 მაისი 2018

ენმ ახალ პროექტს "ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ზარალს აუნაზღაურებს სამსახურიებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს. ასევე, საბანკო ვალებზე გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, იკარგება სამუშაო ადგილები, პენსია არცერთი თეთრით არ იზრდება,  უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს უსამართლოდ უხსნიან დახმარებას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, ნადგურდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ. ყველაფერ ამის ფონზე კი ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება. დღეს ყველა ობიექტურად განწყობილი მოქალაქე ხედავს, რომ ივანიშვილის ვიწრო კლანური მმართველობა და მასთან უკანონო გარიგებაში მყოფი სამი ძირითადი ბანკი ძარცვავს ქვეყნის ეკონომიკას და აბუჩად იგდებს მოქალაქეებს.

ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყებს აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ აქედანვე გამოავლინოს და აღრიცხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახლემწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და სხვა ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება, ეს სახელმწიფო ფონდი 2.5 მილიარდ ლარით განისაზღვრება და ამ ფონდით მოხდება ყველა  დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება. ასევე გამოცხადდება  2 წლიანი მორატორიუმი საბანკო და მიკროსაფინანსოები ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით.

როდესაც ვახსენებ დაზარალებულებს, ვგულისხმობ არამხოლოდ მევახშოკრატიით დაზარალებულებს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სამსახური, არ გადაუხადეს განაცდურები, ამ მოქალაქეებს აღნიშნული ფონდიდან დავაკმაყოფილებთ და დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს.

ასევე, ადმაიანებს, რომელთაც მიადგათ ზარალი, მაგალითად როცა არაერთი ბაზრობა დაიწვა და ზიანი დღემდე არაა ანაზღაურებული, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი მომდევნო თვეები განმავლობაში და შესაბამისი ღონისძიებების შემდეგ მათ გადაეცემათ საგარანტიო სერთიფიკატი,  რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს, ნიშნიად იმისა რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  ამ სპეციალური სახლემწიფო ფონდიდან სახელწმიფო მათ აუნაზღაურებს ზიანს. „