გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:28 / 8 თებერვალი 2017

ენმ 10 თებერვალს, 13:30 საათზე სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას გააპროტესტებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს, 13:30 საათზე აქცია-მსვლელობას გამართავს. შეკრება რუსთაველის მეტროსთან იქნება და მსველელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მოეწყობა.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 10-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ არაერთი ფაქტი იხილა იმისა, თუ როგორ არის ხელისუფლება ჩართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კონკრეტულ მოსამართლესთან, კონკრეტული კორუფციული გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, რაც ლეგიტიმურ საფრთხეს აჩენს, რომ ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილიების შემკვეთად რჩება. ამ პროცესში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი და მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გომელაური თავისი უწყებით, სუსით.

აქედან გამომიდნარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 10 თებერვალს 13:30-ზე რუსთაველის მეტროსთან იკრიბება, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში ასეთი უხეში ჩარევა გააპროტესტოს.

ეს არ იქნება მხოლოდ ენმ-ის მხარდამჭრების აქცია, ეს იქნება ყველა იმ ადამიანის პროტესტი, რომელთაც უკეთესი ხვალინდელი დღე სურს.

რუსთაველის მეტროსთან შეკრების შემდეგ, მოეწყობა მსვლელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით და სასამართლო გადაწყვეტილებაში ივანიშვილის უხეშ ჩარევას გავაპროტესტებთ. ასევე, სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა იმ პატიოსან მოსამართლეს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა სასამართლოში.“