გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:40 / 25 აპრილი 2017

ცესკო, თავისი საკანონმდებლო ინიციატივით, ადასტურებს რომ ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა -  წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა იმ პირის მხრიდან, რომელსაც ამის უფლება არ აქვს დარღვევად იყოს მიჩნეული, კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილის მთავარ საფრთხედ აღიქვამს.

„კონსტიტუციაზე ძალადობის პარალელურად, ამ დღეებში ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შემდგომი შეზღუდვა და ძალაუფლების უზურპაცია.

კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს წარუდგინა საარჩევნო კოდექსში ცვილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც რეალურად მიმართულია მხოლოდ ერთი, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ.

საარჩევნო კოდექსში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში, დაჯარიმდება მთავარი ოპოზიციური პარტია.

კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც:

კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება (!) აგიტაციაში, ვისაც აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

სახეზე გვაქვს მდგომარეობა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ქვეყნიდან გააძევა, მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და 7 პიჯაკის შეძენის გამო დევნის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს.

მაგრამ ეს არაა საკმარისი. ახლა მისი გაჩუმებაც უნდათ.

ამ ნაბიჯით ცესკო ადასტურებს, რომ ეს ორგანო ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ვერ განიხილება არჩევნების ჩამტარებელ დამოუკიდებელ უწყებად.

ეს ცვილებები ადასტურებს, რომ ივანიშვილს საკუთარი ოჯახურ-კლანური რეჟიმის დაცვა მხოლოდ უკანონობით და უსამართლობით წარმოუდგენია. მას კარგად ესმის, რომ სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს პირობებში მის ხელისუფლებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

გარანტიას ვაძლევთ მას, რომ ქართველი ხალხთან ერთად მოვაშორებთ მას საქართველოს, როგორც ამ ქვეყნის ყველაზე დიდ შინაურ მტერს. „