გაზიარება
UNM UNM
მედია - 18:42 / 24 თებერვალი 2016

6 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" წინააღმდეგ აქციას გამართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6 მარტს "გაზპრომის" წინააღმდეგ აქციას გამართავს - აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა და ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც გაზპრომთან მოლაპარაკებები სახიფათოა.

"პირველ რიგში, ის, რომ ქართული მხარე გულდაგულ მალავდა ამ მოლაპარაკების მიმდინარეობას და მის შესახებ მხოლოდ რუსული მხარის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ყველა ჯერზე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ცდილობდა ამ მოლაპარაკების რეალური მიზეზები აეხსნა, მისი განცხადებები ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო იყო. ყველაფერი ეს აღძრავს სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ამ მოლაპარაკების მიზნებთან, მასშტაბებთან და ამოცანებთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ გვახსოვს, რას ნიშნავს "გაზპრომი", გვახსოვს რას ნიშნავს რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო, გვახსოვს, ეზოებში დანთებული ცეცხლი და იქ ადუღებული ჩაიდნები.

დღეს ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკან, რუსულ წყვდიადში დაბრუნებას აპირებს, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ქვეყნის "გაზპრომის" ეპოქაში შეტრიალება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოში კვლავ სიბნელე და სიცივე იყოს, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანა იქნება გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელუფლებას, რომ საქართველოში "გაზპრომის" და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ ეპოქის დაბრუნებას აღარ დაუშვებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაანონსებთ სიმბოლურ აქციას. ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც გამოხატავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა ბაქრაძემ.