გაზიარება
UNM UNM

საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზანი საგარეო, თავდაცვისა და მშვიდობის სფეროში ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება;  

  • საქართველოს ტერიტორულ მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა;

  • ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა;

  • საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანა იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა და ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება, ასევე ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და საქართველოს საერთაშორისო როლის მაქსიმალურად გაზრდა. უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით:

  • ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია;

  • ჩვენ გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას;

  • ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას დასავლეთის უსაფრთხოების და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით;

  • ჩვენ დავუბრუნებთ მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს;

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად ჩვენ გავაძლიერებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში;

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერებისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;

  • 2019 წლამდე, ეტაპობრივად, ჩვენ შეირაღებულ ძალებს სრულად გადავიყვანთ პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს ვიტყვით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე; გავაძლიერებთ ოფიცერთა კორპუსის პროფესიული მომზადების დონეს დასავლეთის წამყვან სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით;

  • ჩამოყალიბდება და დაინერგება ნატოს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფცია, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;

  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სამხედრო პირთა სოციალურ დაცვას: ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზრდება ანაზღაურება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული სამხედრო პირების შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;

  • ჩვენ ახალი ძალისხმევით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეჩერდა. განსაკუთრებულ ყურაღებას მივაქცევთ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერ-უსაფრთხოებას;

  • ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო მრეწველობას, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;

  • გაძლიერდება საქართველოს პარლამენტის როლი შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანა იქნება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება:

  • 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას ევროპაში; შევქმნით პირობებს, რომ უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული;

  • ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას გარკვეულ კვოტებზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ კანონიერად იმუშავონ ევროკავშირის ქვეყნებში;

  • ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;

  • ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;

  • ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს;

  • ჩვენ 2017 წლიდან განვაახლებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ოთხი წელია ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს;

  • ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დავასრულებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეწარმეებს გაუხსნის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს;

  • ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის.

ამავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განახორციელებს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართულ რეფორმებს, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერად, რომელიც ხელს უწყობს მთელი რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.

რეგიონული თანამშრომლობა

 

აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონული ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.

საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევას. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.

აუცილებელია, გაღრმავდეს ევროპულ სახელმწიფოებთან არსებული ორმხრივი ურთიერთობები, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში, რაც მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ოკეანიის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ოკუპირებული რეგიონების აღიარების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.