გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

საერთაშორისო თანამშრომლობა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ საქართველოს მთავარი ოპოზიციური, არამედ მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალაცაა. ჩვენი პარტია არსებობის დღიდან ავითარებს და ხვეწს ახლო კავშირებს ევროპის, ამერიკის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნის პოლიტიკურ კლასთან.

საქართველოს ინტერესები და სუვერენიტეტი ის ფასეულობა და მიზანია, რომელიც ჩვენს საერთაშორისო საქმიანობაში ყოველთვის იყო და არის მთავარი წარმმართველი. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაგროვილ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებას გაათმაგებული შემართებით მივმართავთ საქართველოს წინაშე მდგარი მთავარი პრობლემების გადასაჭრელად.

1990-იანი წლების ძალადობის, ქაოსის, რუსეთის პირველი „ჰიბრიდული“ ინტერვენციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღზევების შედეგად საქართველომ თავისუფალი სამყაროს გაფართოების პირველ ტალღაში მოხვედრის შანსი დაკარგა. საქართველოს ამბიცია დაბრუნებულიყო თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ჩვენი გუნდის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამაყობს ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახის - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრობით. ევროპის სახალხო პარტია 40 ქვეყნის  75  პარტიას  აერთიანებს და აქვს ყველაზე დიდი ფრაქციები როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში. ევროპის სახალხო პარტიაში შედიან ისეთი ლიდერები როგორებიც არიან - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევრომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ნიკოლა სარკოზი მარიანო რახიო და ა.შ. ევროპის სახალხო პარტია მემარჯვენე ცენტრისტულ იდეებზე დამყარებული პარტიების ოჯახია, სადაც წამყვანი მნიშვნელობა თავისუფალ ბაზარზა და კანონის უზენაესობას ენიჭება.

ჩვენ, ასევე ვართ დემოკრატთა საერთაშორისო  კავშირის (IDU) წევრი,  რომელიც აერთიანებს კონსერვატიული, ქრსიტიან-დემოკრატიული და მსგავსი მემარჯვენე-ცენტრისტული  ღირებულებების მქონე 80 პოლიტიკურ ძალას მთელი მსოფლიოდან.