გაზიარება
UNM UNM

პროგრამა

ეკონომიკა და დასაქმება
კეთილდღეობისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, უნდა ჩამოაყალიბდეს ქვეყნის განვითარების ისეთ მოდელი, რომელიც თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას ეფუძნება.

ამ მოდელის პრინციპებია მცირე და ეფექტური მთავრობა, სტაბილური მაკრო-ეკონომიკური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ფისკალური დისციპლინა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკა სიღარიბის დასაძლევად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა,  სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად - მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფაა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, ენმ კონკრეტულ ვადებში გადადგამს ქმედით ნაბიჯებს შემდეგი ოთხი მიმართულებით:

  • გადასახადების შემცირება;

  • ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება;

  • ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა;

  • ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა.

გადასახადების შემცირების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა - მეტი ფული მოსახლეობას და მეწარმეებს, ნაკლები ჩინოვნიკებს და ბიუროკრატიას:

  • 2017 წელს ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე. შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უკვე დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად;

  • 2017 წლის 1 იანვრამდე დავხვეწავთ განაწილებული მოგების გადასახადის ადმინისტრირებას და ოთხი წლის განმავლობაში შევამცირებთ მას 10%-მდე, რაც ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება განვითარების, ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად;     

  • 2017 წელს ჩვენ 25%-ით შევამცირებთ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე. ეს ნიშნავს დამატებით საბრუნავ საშუალებებს ბიზნესისთვის, ხოლო ხალხისათვის უფრო იაფ ნავთობპროდუქტებს. ასევე, ალოკოჰოლურ პროდუქციაზე დავწევთ სააქციზო განაკვეთს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე;

  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ გადასახადს საპროცენტო შემოსავალზე, რაც დამატებით შეღავათს ნიშნავს იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც აქვს დანაზოგი და მასზე მიღებული სარგებლით ავსებს ოჯახის ბიუჯეტს;

  • 2017 წელს ჩვენ გავაუქმებთ უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალურ, ორწლიან პერიოდს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ექვსთვიან პერიოდს. შედეგად, ათეულ ათასობით ფიზიკურ პირს შეუმსუბუქდება საგადასახადო ტვირთი. ბინების, მიწის ნაკვეთების, ავტომობილების და სხვა აქტივების გასხვისებისას ამ საქმიანობაში ჩართულ მოქალაქეებს აღარ შეეხებათ ზედმეტი ბარიერები და გადასახადები;

2017 წლის 1 იანვრიდან ჩვენ ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარს ავწევთ 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით; 90 000 ლარამდე წლიური ბრუნვის (ანუ დღეში საშუალოდ 250 ლარამდე) ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება;

ჩვენ 2017 წლის 1 იანვრიდან ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარს ავწევთ 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. შედეგად, მცირე ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება; 200 000 ლარის წლიური ბრუნვის (ანუ დღეში საშიალოდ 550 ლარამდე)  ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება;

ჩვენ 2017 წლის 1 იანვრიდან 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გავზრდით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარს. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს (მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;

  • 2017 წლის 1 იანვრიდან, საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი გახდება. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის, ინტერნეტის მეშვეობით; 1500 ლარამდე შენაძენი აღარ დაიბეგრება.

ამ საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე შეიქმნება არანაკლებ 45 000 ახალი სამუშაო ადგილისა, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს.  მომდევნო წლებში კი, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, მოსალოდნელია ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა.    

2-3 წელიწადში საქართველო, ამ ნაბიჯების შედეგად, ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი ქვეყანა გახდება დაბალი და მარტივად ადმინისტრირებადი გადასახადების თვალსაზრისით!

სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თავისთავად, ყოველ მოსახლეზე შემოსავლების ზრდას და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს!

ამასთან, ეს ცვლილებები გამოათავისუფლებს მეტ საბიუჯეტო რესურსს ჩვენი გაჭირვებული თანამოქალაქეების დასახმარებლად!

გადასახადების შემცირების პარალელურად ჩვენ შევკვეცავთ ზედმეტ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და ხარჯებს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე.

  • 2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს  შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით;

  • ხარჯების ამ შემცირებას შეუქცევადი ხასიათი რომ მივცეთ, 2018 წლიდან საბიუჯეტო ხარჯების ზრდას შევზღუდავთ რეალური ეკონონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებლით;

  • „თავისუფლების აქტში“ ჩვენ შევიტანთ ცვლილებას, რომელიც 2019 წლიდან მთავრობის ხარჯების მოცულობას შეზღუდავს მშპ-ს 25%-ით. 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი მშპ-ს 20%-ით განისაზღვრება.

ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას და არ ატარებს “პიარულ”, კამპანიურ ხასიათს და არ არის ამაოდ ნაცადი (ან უბრალოდ დეკლარირებული) ე. წ. ,, ქამრების შემოჭერა“. შემცირდება საბიუჯეტო დეფიციტი და დაბალანსდება ბიუჯეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს შესაქმნელად.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიმართული ხარჯები - საგზაო ინფრასტრუქტურის (განსაკუთრებით სოფლების დამაკავშირებელი გზების), გაზისა და წყლის მიწოდებისა და სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - სამართლიანად და ეფექტურად იქნება გადამისამართებული რეგიონებში, მცირე ქალაქებსა და სოფლად მოსახლე ადამიანების ცხოვრების ხარისხისა და შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშნებლობის დასრულება, რაც გაათავისუფლებს დაახლოებით 150 ჰექტარ მიწას ქალაქის განვითარებისათვის განტვირთავს თბილისს. ეს, თავის მხრივ, შედეგად მოიტანს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, მიმდებარე უბნების განვითარებას და საცხოვრებელი გარემოს მნიშვნმელოვან გაუმჯობესებას.

საქართველოსთვის ძლიერი სოფელი და სოფლის მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პარალელურად. ყველა ის სიკეთე და შეღავათი, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი პროგრამით, თანაბრად შეეხება სოფლად მცხოვრებთ, რადგან ჩვენი მიზანია, რომ ყველა მოქალაქე აქტიურად იყოს ჩაბმული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, აწარმოებდეს ისეთ პროდუქტს, რომელიც კონკურენტული იქნება შიდა და ევროპულ ბაზარზე.

ზემოთ ნახსენები ეკონომიკური და სოციალური ინიციატივები გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას და სოციალურ კეთილდღეობას. გარდა ამისა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდავთ ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო გრანტებს სოფლის მეურნეობაში კონკრეტული პროექტების გასავითარებლად; მოვაწესრიგებთ მიწის კადასტრს.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლებელია მეწარმეებისთვის  მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის გარეშე, რაც, თავის მხრივ, რეგულაციების მნიშვნელოვან და შეუქცევად შემცირებას გულისხმობს!

  • ჩვენ შემოვიღებთ “ფილტრის პრინციპს” - ყველა ახალი რეგულაცია სავალდებულოდ გაივლის წინასწარ შეფასებას ბიზნესისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან გამჭვირვალობისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპით დაკომპლექტებული ორგანოს მიერ;

  • ჩვენ შემოვიღებთ „დასაბუთების ვალდებულების პრინციპს“, რომლის მიხედვით რეგულაცია, რომლის დასაბუთებასაც გონივრულ ვადაში ვერ შეძლებს შესაბამისი უწყება, დაექვემდებარება გაუქმებას;

  • ჩვენი ინიციატივით ამოქმედდება რეგულაციების „დაისის პრინციპი“ - 5 წლის შემდეგ ნებისმიერი რეგულაცია ავტომატურად გაუქმდება, თუკი ხელახალი განხილვის შემდეგ არ მოხდება მისი მოქმედების დასაბუთება და ვადის გაგრძელება;

  • ჩვენ ავამაღლებთ საგადასახადო დავების საბჭოს სამართლებრივ სტატუსს და მოვახდენთ მისი მუშაობის უფრო მკაფიო რეგლამენტაციას. შედეგად, თუ საჩივრის განხილვა არ მოხდა გონივრულ ვადაში, გადაწყვეტილება ავტომატურად მიიღება ბიზნესის სასარგებლოდ. საგადასახადო დავების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება გახდება საჯარო, კომერციული საიდუმლოების უფლების სათანადო დაცვით;

  • ჩვენ აღვადგენთ ალტერნატიულ საგადასახადო აუდიტს და ფიზიკური პირებისთვის გადახდით დეკლარირების შესაძლებლობას;

  • ჩვენ გადავხედავთ და, სადაც შესაძლებელია, გავაუქმებთ ყველა რეგულაციას, რომელიც საქართველოსთვის პირდაპირ სავალდებულო არ არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი და/ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

  • ჩვენი ინიციატივით გაუქმდება ქართულ ბაზარზე  დაშვების ნებისმიერი შეზღუდვა იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის (მაგალითად, მშენებლობა, ფინანსური მომსახურება, ფარმაცია, სურსათი), რომლებიც აღიარებული, ლიცენზირებული, სერტიფიცირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში.

ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ბიზნესი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ბიზნესს უნდა შეექმნას განვითარებისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ამის საწინდარი კი საგადასახადო ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური გამარტივებაა.

  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მოვახდენთ სრულ საგადასახადო ამნისტიას;

  • ამნისტიის შემდეგ საგადასახადო მიზნებისთვის ხანდაზმულობის ვადას შევამცირებთ 3 წლამდე;

  • ჩვენი ინიციატივით, კანონმდებლობის დაცვით გადასახადების შემცირება არ ჩაითვლება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად;

  • ჩვენ მოვახდენთ 500 000 ლარამდე (დღეს არსებული 50 000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას. ასეთ შემთხვევებში დავა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება;

  • ჩვენ შევცვლით საგადასახადო ინკასოსა და ნებისმიერი სახის ყადაღის დადების წესს მესაკუთრის სასარგებლოდ; ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით  და დავალიანების პროპორციულად მოხდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საგადასახადო შემოწმების საფუძვლებისა და ვადების ეფექტური სასამართლო კონტროლი განხორციელდეს დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;

  • ჩვენ მივცემთ საშუალებას ბიზნესს, სახელმწიფოსთან ნებისმიერი დავა, სურვილისამებრ, გადაიტანოს ერთ-ერთ აღიარებულ საერთაშორისო არბიტრაჟში (LCIA, AISCC, ICC, ICSID, HKIAC, ICA);

  • ჩვენ შემოვიღებთ პრინციპს, რომლის მიხედვით საგადასახადო დავის ბიზნესის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში სახელმწიფო ზარალს მყისიერად და სრულად აანაზღაურებს. დაგვიანების შემთხვევაში სახელმწიფოს ისეთივე საურავი დაეკისრება, როგორიც გადასახადის გადამხდელს სახელმწიფოსათვის დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის დაეკისრებოდა.

ბიზნესის თავისუფლებისა და დაცულობის თვალსაზრისით ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოცდილება. დღეს, როცა საქართველოში ბიზნესის უდიდესი ნაწილი გამოსულია ჩრდილიდან და უმეტესწილად ლეგალური და კანონმორჩილია, სახელმწიფოს მხრიდან ე.წ. ,,მკაცრი ადმინისტრირება“ აფერხებს მეწარმეობის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ლიბერალური და თანამშრომლობითი ურთიერთდამოკიდებულება მოგვცემს სწრაფ ზრდას. ახალ სამუშაო ადგილებს სწორედ ასეთი - საგადასახადო ტვირთისგან და ადმინისტრაციული წნეხისგან თავისუფალი და დაცული ბიზნესი შექმნის.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა

საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მდგრადი, სამართლიანი და ფინანსურად მყარი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის არსებობა.

სახელმწიფოს თანადგომა ყველასათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი - შეჭირვებულებისათვის სრულად, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის  იმ ოდენობით, რასაც თუნდაც ასეთი შემოსავლების მქონე ოჯახი თავად ვერ გაწვდება. შეძლებულის და ღარიბის ერთნაირი კრიტერიუმით დახმარება უსამართლოა და, საბოლოოდ, სისტემის ფინანსურ ჩამოშლამდე მიგვიყვანს, რაც დააზარალებს ყველას, განურჩევლად შემოსავლების დონისა, უპირველესად კი ღარიბებს.

ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად,   ჩვენ განვახორციელებთ მიზნობრივ და, შესაბამისად, სამართლიან სოციალურ პოლიტიკას.

კერძოდ, გაიზრდება სოციალური დახმარების მიმღებ და ჯანდაცვის სრული პაკეტით მოსარგებლე ოჯახთა რაოდენობა. სახელმწიფო გადაამისამართებს დანახარჯებს მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან - რომლებიც არ საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას, გარდა იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომელთაც თავად ვერ გასწვდებიან - იმ ოჯახებზე, რომლებიც სახელმწიფოსგან მეტ დახმარებას საჭიროებენ.

  • 2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც.

  • 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ;

  • ჩვენ საარსებო შემწეობას აღვუდგენთ ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდა; შემოვიღებთ საარსებო შემწეობის დანიშვნის მკაფიო, მარტივ და სამართლიან კრიტერიუმებს და არ დავუშვებთ შემუშავებული კრიტერიუმების ხშირ და უსაფუძვლო გადახედვას;

  • ყველა მოქალაქე, მათ შორის მაღალი შემოსავლის მქონე, დაზღვეული იქნება მისთვის ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან (70 000 ლარამდე წელიწადში);

  • იმავდროულად, ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით (2016 წელს მოქალაქეზე წელიწადში საშუალოდ 178 ლარის ოდენობით), როგორც ეს ამჟამად ხდება,შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს:

    • გაჭირვებულისთვის - “სრული თანადგომის პაკეტი” (პოლისის ღირებულება - 225 ლარი წელიწადში);

    • ნაკლებად გაჭირვებულისთვის - “დახმარების პაკეტი” (პოლისის ღირებულება - 205 ლარი წელიწადში);

    • საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის - “მხარდაჭერის პაკეტი” (პოლისის ღირებულება  - 190 ლარი წელიწადში);

  • დღეს არსებული ვითარებისგან განსხვავებით, ყველა ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებასაც;

ამ რეფორმის შედეგად, სისტემა შეიძენს ფინანსურ მდგრადობას, სახელმწიფოს მხრიდან საავადმყოფოებისთვის გადახდების პერმანენტული დაგვიანება აღმოიფხვრება, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ პრობლემებს ქმნის ამ სფეროში მომუშავე ბიზნესისთვის, ართულებს მათ მიერ ექიმებისა და სხვა პერსონალის ხელფასების დროულ გადახდას. ეს, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება სამედიცინო სერვისის ხარისხზე. თითოეული მოქალაქისთვის გაუმჯობესდება ჯანდაცვის ხარისხი. სისტემა შეიძენს სოციალურად სამართლიან სახეს და მეტად დაეხმარება გაჭირვებულებს.

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებათა განსაზღვრისას, სახელმწიფო სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადავა, რათა უზრუნველვყოთ განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, მათი საჭიროებებისა და განსხვავებულობის მიუხედავად;

  • გავაუმჯობესებთ სტატუსის მინიჭების მექანიზმს, გადავხედავთ დიაგნოზის მინიჭებისა და გადახედვის პროცედურებს და ევროპაში არსებულ პრაქტიკას შევუსაბამებთ;

  • გავაძლიერებთ სოციალური დაცვისა, ინდივიდუალური განვითარებისა და თვითრეალიზების გარანტიებს;

  • ხელს შევუწყობთ, რომ სასწავლო და საჯარო დაწესებულებები იყოს შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული;

  • გავზრდით საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ამოცანა იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისწვდომობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს  ყველა მოქალაქეს  თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე.

პაციენტის უფლებების დაცვასთან ერთად,  პრიორიტეტი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის  კვალიფიკაცია და უფლებები, რაც მაღალი ხარისხის  და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გარანტიაა.

პირველად ჯანდაცვა,  სოფლის  და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი  მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი  ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო  ჩართულობის გზით. მოსახლეობის ჯანმრთელობის   მდგომარეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულობა, ძალისხმევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორსულთა მეთვალყურეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაფართოება, რაც უფრო რეალისტურს გახდის ათასწლეულის მიზნების  მიღწევას საქართველოში.

განათლება და ახალგაზრდობა

აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გაცნობიერება, რომ უნდა მოხდეს ახალგაზრდობის ხელშეწყობა, რათა მათ გამოიყენონ შესაძლებლობები და წარმატებას მიაღწიონ პიროვნულ ზრდასა და კარიერულ განვითარებაში. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა ქვეყანაში, რომელშიც ეს შესაძლებლობები რეალიზებული იქნება.

სწორედ ამიტომ ჩვენ ახალ თაობას ვთავაზობთ და ვპირებით ევროპულ მომავალს, რომელშიც მათ ექნებათ საშუალება არა მხოლოდ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ ლეგალურად მოიძიონ სამსახური ევროპის ყველაზე კონკურენტუნარიან გარემოში, მიიღონ განათლება ევროპულ უნივერსიტეტებში და საქმიანი ურთიერთობები აწარმოონ ევროპაში. ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია გახდის უნივერსიტეტებს უფრო ინტეგრირებულს ევროპულ სივრცეში. რეალურად, ახალგაზრდისთვის ევროპის კარი პირველად სწორედ უნივერსიტეტებში გაიღება.

მეორე მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ სახელმწიფოში, იქნება ნეპოტიზმისგან, კორუფციისგან და კლანური მმართველობისგან თავისუფალი გარემო, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის მათი შესაძლებლობების რეალიზაციის კუთხით. იქნება ეს საჯარო სამსახურში კარიერის დაწყება, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სწავლა, თუ სხვა მიმართულებები, ჩვენ შევქმნით ტრანსპარენტულ, გამჭვირვალე გარემოს, სადაც ადამიანი დაფასდება მისი შესაძლებლობების და არა სხვა თვისებების გამო. ეს კი, პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდების ინტერესებშია.

მესამე მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, არის კერძო მეწარმეებისთვი და დამწყები ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომ დაბალი გადასახადების, შესაბამისი გარემოს და მზარდი ეკონომიკის გამო, ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი საქმის დაწყება და დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა. ზედმეტი რეგულაციებისგან გათავისუფლება, სუს-ის და ფინანსური პოლიციის გაუქმება, მოქალაქესა და ბიზნესზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის შექმნა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება.

და ბოლოს, ახალგაზრდებისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია ლიბერალური გარემოს შექმნა, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს დრო წარმატების მისაღწევად და სადაც არ გახდება მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა იმ მცირე გადაცდენის გამო, რომელიც მას შეიძლება შეემთხვას. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ინიციატივა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდეს და ქვეყანა მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო არმიაზე. ეს მრავალ ათას ახალგაზრდას დაუზოგავს სიცოცხლის ორ წელს, რომელსაც ის უფრო აქტიურად მოახმარებს საკუთარ განათლებას, საქმეს, ოჯახს და ქვეყანას. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინიციატივა, რომ უფრო ლიბერალური გახდეს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა, გაუქმდეს წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე, ამნისტირებული იქნას საგადასახადო დავები, მოხდეს 500.000 ლარზე ნაკლები ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

ამ ყველაფერთან ერთად ცალკე გამოვყოფთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენ გავატარებთ განათლების სფეროში. უმნიშვნელოვანესია განათლების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში თავისუფლების განცდის ამაღლებას და მათ მეტად ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამოქმედო გეგმის ამ ქვეთავში შემოთავაზებულია განათლების სისტემის გარდასაქმნელად აუცილებელი ნაბიჯები. განათლებისა და მეცნიერების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მწყობრი და გამართული, ინოვაციასა და ტექნოლოგიურ სრულყოფაზე ორიენტირებული განათლების სისტემა ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის და, შესაბამისად, ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობაა.

აუცილებელია, სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება და ყველა სკოლის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვა და საჭირო რესურსებით მომარაგება.

სასკოლო განათლების მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ახორციელებს განათლების ხარისხის კონტროლს, ხოლო უშუალოდ სკოლის მართვა, ბიუჯეტის განკარგვა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა სკოლის თვითმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.

ეკონომიკისა და მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადების ხელშეწყობა. ამიტომ, უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწა და ეფექტური გამოყენება. პროფესიული განათლების სისტემა ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებს და ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის გზით განვითარდება.

საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისათვის გაცნობა საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას, მათ გარდაქმნას თანამედროვე,  მიმზიდველ, მრავალფეროვან სივრცეებად, როგორც განათლების მიღების, ასევე ინტელექტუალური დასვენებისთვის. 

ქვეყანაში თანამედროვე და ხარისხიანი განათლების სისტემის ფუნქციონირებისათვისკონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი განათლების მართვისა და ადმინისტრირებისთვალსაზრისით:

  • შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით სკოლამდელიგანათლების ხელმისაწვდომობასა და არჩევანს. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ წინასასკოლო მოსამზადებელ პროგრამას;
  • ჩვენ მოვახდენთ საბავშვო ბაღების დირექტორებისა და ბაღებთან დაკავშირებულიმუნიციპალური სამსახურების თანამშრომლების სამსახურში მიღების დეპოლიტიზაციას,სამსახურში მიღების ცხადი კრიტერიუმებისა და გამჭვირვალე პროცესების შემოღების გზით;
  • ხარისხიანი საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გავაუმჯობესებთ ბიუჯეტის მიზნობრიობასა და ეფექტურობას, რის შედეგადაც 2017 წელსვე გავზრდით სასკოლოვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით;
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების სრულყოფილ თვითმმართველობას და ფინანსურავტონომიასეს, მათ შორის, ნიშნავს პოლიტიკურ ჩაურევლობას სკოლის საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის ბიუჯეტის დამოუკიდებლად განკარგვას;
  • სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რის შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთახელფასიმინიმუმ 650 ლარამდე;
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებისთვის გაუმჯობესდება სამუშაო პირობები, მათი სტატუსი და ანაზღაურება გაუთანაბრდება სხვა პედაგოგების სტატუსსა და ანაზღაურებას;
  • ჩვენ გავაუქმებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შეფასების სუბიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სქემას და განვავითარებთ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სასერტიფიკატო გამოცდების სისტემას;
  • ჩვენ 2017 წელსვე მოვაწესრიგებთ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა/დაბეჭდვას ისე,რომ გაუმჯობესდეს სახელმძღვანელოების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, და, ამასთან, დაცული იყოს სახელმძღვანელოების შემქმნელთა საავტორო უფლებები;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სრულყოფილი შესწავლის ხელმისაწვდომობის მიზნით, ჩვენ განვაახლებთ და განვავითარებთ პროგრამასასწავლე საქართველოსთვის, რაც შედეგად მოგვცემს საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში;
  • ჩვენ აღვადგენთ ინგლისური ენის ინგლისურენოვანი მასწავლებლების მიერ სწავლების სახელმწიფო პროგრამას “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად";
  • ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივანიჭებთ სრულყოფილ ფინანსურ დააკადემიურ ავტონომიას; გავაუქმებთ ზედმეტ რეგულაციებს, რომლებიც  აფერხებენ კერძო უმაღლესი განათლების სასწავლებლების განვითარებას, ხოლო სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულებებს უზღუდავენ  ეკონომიკურ საქმიანობას;
  • ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურები არ ერეოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში;
  • ჩვენ 5000-ით გავზრდით ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას და გავზრდით სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას. ეს იქნება დიდი შეღავათი იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი უწყდებათ სწავლის გადასახადის ვერ-გადახდის გამო;
  • ჩვენი შევიმუშავებთ პროგრამას, რომლის ფარგლებში მოხდება საქართველოში საუკეთესო უცხოელი პროფესორების მოწვევა ერთი სემესტრით, საქართველოს უმაღლეს დაწესებულებებში მაღალი დონის ლექციების წასაკითხავად. ეს მოახდენს სასწავლო პროგრამების კიდევ უფრო ინტერნაციონალიზაციას და გაზრდის უმაღლესი განათლების ხარისხს;
  • ჩვენ მოვახდენთ ბაკალავრიატის სტუდენტების ორმხრივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის თანადაფინანსებას, თუ შესაბამის საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი განათლების დაწესებულებას აქვთ შეთანხმება გაცვლითი პროგრამების და სწავლის გადასახადის დაფარვის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს დამატებით ასობით სტუდენტს, რომელ ყოველ წელს ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ აშშ-ის, ევროპის და მსოფლის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ გააფართოებს ამ სტუდენტების მსოფლმხედველობას და საუკეთესო უნივერსიტეტების განათლებას აზიარებს მათ, არამედ ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, რომ მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და მეტად მოახდინონ საკუთარი პროგრამების ინტერნაციონალიზაცია;
  • ჩვენ ფინანსურად შევუწყობთ ხელს უცხოეთში დოქტორის ხარისხის მქონე, ან დოქტორანტურაში მყოფ პირებს, რომ აკადემიური საქმიანობა გააგრძელონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ამგვარად ჩვენ უკან დავაბრუნებთ ასობით ახალგაზრდა პროფესიონალს, რომელსაც აქვს სურვილი და უნარი ასწავლონ საქართველოში და უკეთესი განათლება მისცენ ახალ თაობას;
  • ჩვენ გავაორმაგებთ სკოლის მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც საზღვარგარეთ ერთი წლის განმავლობაში მიემგზავრებიან გაცვლით პროგრამებში, განსაკუთრებით აშშ-ში. მიგვაჩნია, რომ სკოლის ასაკში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა უდიდეს გავლენას ახდენს ახალგაზრდებში დასავლური ღირებულებების ფორმირებაზე, რაც, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ჯანსაღი ფასეულობების მქონე თაობის ფორმირებას;
  • ჩვენ გავაორმაგებთ საზღვარგარეთ მაგისტრანტურასა და დოქტორანტურაში უმაღლესი განათლების მისაღებად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას და გავზრდით დაფინანსებას ამ კუთხით. ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ. გაზრდილი დაფინანსება და გაცვლითი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს მომავალში ჩადებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება;
  • ჩვენ დავაბრუნებთ მნიშვნელოვან შეღავათებს სტუდენტებისთბის ბიბლიოთეკებით და მუზეუმებით სარგებლობის დროს;
  • კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსებისას, ჩვენ სრულად დავიცავთ საერთაშორისოდ გაზიარებულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება კვლევის ხარისხს, შედეგებს და ინტერნაციონალიზაციას. ჩვენ ხელს შევუწყობთ უმაღლესი განათლების და კვლევით დაწესებულებებს, რომ გაზარდონ ჩართულობა საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურებსა და ქსელებში; 
  • ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივანიჭებთ უფლებას, განახორციელონ სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, აგრეთვე, აკადემიურ პროგრამებში შეიტანონ დისტანციური სწავლების კომპონენტი;
  • საჯარო სექტორში ახალგაზრდების სტაჟირების სისტემა იქნება მოწესრიგებული და ახალგაზრდების განაწილება სახელმწიფო დაწესებულებებში მოხდება მათი განათლების, ცოდნის და ინტერესების შესაბამისად;
  • ჩვენ შევქმნით ერთიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც სტუდენტებს მიაწოდებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვაკანსიების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ;
  • საჯარო სამსახურში თანამდებობებზე აყვანა საჯარო კონკურსის წესით მოხდება უფრო მეტ თანამდებობაზე, ხოლო კონკურსები იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი, რათა არ მოხდეს ნეპოტიზმის შედეგად ახალგაზრდების ინტერესების შელახვა;
  • პროფესიული განათლება გახდება თავსებადი უმაღლეს განათლებასთან. 

ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ჩვენ მივიღებთ უკეთ დაფინანსებულ და ავტონომიურად მართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, უფრო მაღალი ხარისხის მქონე საგანმანათლებლო პროგრამებს და მეტად განათლებულ და კონკურენტუნარიან თაობებს. ყველას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ექნება ღირსეული სამსახურის შოვნის შესაძლებლობა.

ეს კონკრეტული ინიციატივები შექმნის იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში, სხვა ახალ იდეებთან ერთად შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, განათლების სისტემის მორიგი რეფორმირება, განათლების ხარისხის მკვეთრად გაზრდა და ახალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

საქართველოში დღეს არსებობს უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. მოქალაქეს სახელმწიფოსთან დავისას არ აქვს დაცულობის განცდა და მყარი გარანტიები, პრობლემატურ საკითხებად რჩება უკანონო მოსმენა-მიყურადება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოძიების მიუკერძოებლობა, პოლიტიზირებული პოლიცია და პროკურატურა.

 

 

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ ემყარება შემდეგ პრინციპებს:

 

  • ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;

  • სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება;

  • პროკურატურის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო კონტროლის გაზრდა;

  • სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება;

  • ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი მექანიზმების შექმნა.

ამასთან, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ შემდეგ მიმართულებებს:

  • ბავშვთა დაცვა ოჯახური ძალადობისგან, აგრეთვე ბავშვების ჩაგვრის (ბულინგის) პრევენცია;

  • ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და უმცირესობების  დაცვა ძალადობისგან;

  • ქალების მიმართ ძალადობის მიზანმიმართული პრევენცია, ხოლო შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება.

 

სისხლის სამართლის პოლიტიკა

  • ჩვენ 2017 წელსვე შევზღუდავთ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებზე - პირველ რიგში, ეკონომიკური სახის დანაშაულზე. გამონაკლისი იქნება განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ძალადობრივი დანაშაული. აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა იქნება საპატიმრო გირაო და არა უშუალოდ პატიმრობა. ეს ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალდებული გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება, ხოლო პატიმრობა შეეფარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს არა წარმოსახვითი საფრთხე, არამედ სახეზე იქნება განხორციელებული ქმედება, აგრეთვე, თუ ბრალდებული დაარღვევს უკვე შეფარდებული გირაოს პირობებს;

  • ჩვენ გადავხედავთ არაძალადობრივ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს და მოვახდენთ სასჯელთა ლიბერალიზაციას საბოლოო დეკრიმინალიზაციის პერსპექტივით. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.

პოლიცია            

  • ჩვენ გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას. ბიზნესთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესი გახდება მეწარმის ინტერესებზე ორიენტირებული. ბიზნესის შემზღუდავი ნებისმიერი მოქმედება - ყადაღა, დალუქვა, შემოწმება თუ რევიზია - დასაშვები იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესის შეუფერხებლად წარმოებას; დამკვიდრდება ვარაუდი - “მეწარმე მართალია”. მტკიცების სტანდარტი იქნება ბიზნესმენის სასარგებლოდ. ბიზნესმენისთვის მიყენებული ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, ანაზღაურდება სრულად, კანონით მკაცრად დადგენილ ვადებში;

  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს). შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმოქმედებს კონტრ-დაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები ამომწურავად გაწერილი ფუნქციებით, ხოლო „პოლიტიკური პოლიცია“ ჩაბარდება წარსულს;

  • უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის გამორიცხვის მიზნით, ჩვენ 2017 წლის იანვრამდე შევქმნით სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკურ სამსახურს. შესაბამისად, კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში, ფარული მიყურადება განხორციელდება მხოლოდ ამ სამსახურის მიერ;

  • ჩვენ აღვადგენთ დანაშაულის რეგისტრაციის სისტემას და პოლიციელს აღარ მოეთხოვება დაბალი სტატისტიკის ჩვენების მიზნით მისი გაყალბება და დანაშაულის დამალვა;

  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ დაცვას: ეკონომიკური წინსვლის პარალელურად, გაიზრდება მათი ანაზღაურება; ზეგანაკვეთური მუშაობისთვის გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ანაზღაურება და წახალისება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული პოლიციელის შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;

  • პოლიციელის ღირსების შელახვაზე, ქონებრივი სიკეთის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფაზე კანონით გათვალისწინებულ ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ.

 

პროკურატურა

  • ჩვენ პროკურატურას ჩამოვაშორებთ საგამოძიებო ფუნქციას, რითაც შევქმნით მისი გაწონასწორების მექანიზმს; პროკურატურა იქნება მხოლოდ გამოძიებაზე ზედამხედველი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი უწყება. შეიქმნება პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, აგრეთვე განსაზღვრული ტიპის დანაშაულებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებათ;

  • ჩვენ ავამოქმედებთ მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ, გამჭვირვალე წესს, რაც ხელს შეუწყობს  პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას;

  • ჩვენ გავაფართოებთ ადვოკატების უფლებებს სამართალწარმოების პროცესში, პირველ რიგში, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით. აგრეთვე ადვოკატის დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის საკითხზე გავზრდით მტკიცების სტანდარტს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სავალდებულოდ ჩადგება საქმის კურსში და გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება მხოლოდ მთავარი პროკურორის მოადგილეს;

სასამართლო

  • ჩვენი ინიციატივით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოწვეულ იქნებიან კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან განსაზღვრული ვადით და ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი მოსამართლეებით;

  • სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული დავების გადასაწყვეტად, ჩვენ შევქმნით დავების განხილვის საბჭოს ანალოგიურ მექანიზმს - ადმინისტრაციულ არბიტრაჟს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება უცხოელი არბიტრებით. მომჩივანის მხრიდან დავის მოგების შემთხვევაში, სახელმწიფოს კანონით აეკრძალება გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, ხოლო მოქალაქე შეინარჩუნებს აღნიშნულ უფლებას;

  • ჩვენ ავამოქმედებთ ნაფიც მსაჯულთა სისტემას სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლით, ან მეტი ვადით. ასევე, შევქმნით მსაჯულის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. მსაჯულზე ზემოქმედების მცდელობა, მასზე მუქარა, ან რაიმე სხვა სახის ზეწოლა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით;

  • იმისთვის, რომ გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, აღიკვეთოს მოსამართლეზე მუქარის, ზეწოლის და ძალადობის საფრთხე და სასამართლო არ იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაზე, ჩვენ ამერიკული მოდელის მიხედვით შევქმნით სასამართლო მარშალის ინსტიტუტს ამგვარ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილებით;

  • ჩვენ შევამჭიდროვებთ სამოქალაქო დავების განხილვის ვადებს, რათა მოქალაქეებმა დროულად და გაჭიანურების გარეშე მიიღონ მართლმსაჯულება. ასევე, დავნერგავთ გამსვლელი მაგისტრატის ინსტიტუტს, რომელიც ოპერატიულად გადაწყვეტს სამეზობლო და მსგავსი კატეგორიის დავებს;

  • ჩვენ გავაუქმებთ მოსამართლეებისთვის დადგენილ, ე.წ. 3 წლიან გამოსაცდელ ვადას, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები დაინიშნებიან სიცოცხლის ბოლომდე;

  • სახელმწიფოსთან დავის პროცესის მოქალაქის მხრიდან მოგების შემთხვევაში, სრული დანახარჯები (მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, აგრეთვე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება) დაეკისრება სახელმწიფოს, რათა მოქალაქე არ დაზარალდეს სახელმწიფოსთან დავის პროცესში;

  • ჩვენ სრულად ავამოქმედებთ მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესს.

 

სასჯელაღსრულება

  • თავისუფლების აღკვეთის და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის გასაძლიერებლად შევქმნით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;

  • სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ ვიდეო კამერებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ სახალხო დამცველს, აგრეთვე პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური ოპოზიცია;

  • ჩვენ გავზრდით პატიმრების უფლებებს. მათ მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიებით (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, ელ-რიდერი) სარგებლობის უფლება, აგრეთვე გაიზრდება ოჯახთან პაემნების რაოდენობა, ასევე დავნერგავთ პატიმრის ხანმოკლე შვეულების უფლებას. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში პატიმარზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება იქნება აღნიშნული უფლებების შეზღუდვა;

  • ჩვენ შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატს უფლება ექნება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეზღუდვის გარეშე, შიდა რეგულაციების დაცვით, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

 

ქალთა და ბავშვთა უფლებები

  • ბავშვთა დაცვა ოჯახური ძალადობისგან, აგრეთვე ბავშვების ჩაგვრის (ბულინგის) პრევენცია ჩვენთვის უმნიშნელოვანესია. ჩვენ შევქმნით ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შემთხვევებზე სპეციალურ საგამოძიებო მექანიზმს. დავხვეწავთ კანონს სოციალური სამსახურის შესახებ და მას ბავშვზე ორიენტირებულს გავხდით. ამასთან, ვუზრუნველყოფთ სოციალური მუშაკების მუდმივ გადამზადების პროგრამებს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შევქმნით სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაზე;
  • ვუზრუნველყოფთ, რომ დანაშაულის ადგილზე სამართალდამცავებმა იმოქმედონ ერთიანი ინსტრუქციით, რაც მიმართული იქნება დანაშაულის ადგილზე აღკვეთისა და მსხვერპლის უფლებების დაცვისაკენ; ადგილზე ძალადობის აღკვეთის გასამარტივებლად, ასევე გავაუქმებთ შემაკავებელ ორდერზე სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებელობის მოთხოვნას;
  • ვუზრუნველყოფთ, რომ განხორციელდეს ერთიანი სტატისტიკის წარმოება ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს პრევენციის, რეაგირებისა და რეაბილიტაციის მექანიზმებს; ამავდროულად, ძალადობის შესახებ შეტყობინებისას,  მაქსიმალურად დავიცავთ ვტორის კონფიდენციალურობას;  
  • დავნერგავთ/გავაძლიერებთ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმებს, რაც  შეამცირებს ძალადობის განმეორების რისკს;
  • გავაუმჯობესებთ თავშესაფრისა და მსხვერპლის რეაბილიტაციის სამსახურს;
  • საზოგადოების საკითხისადმი მეტი დაინტერესების მიზნით, ისევე როგორც ქალთა უნარ-ჩვენების გაძლიერების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, განვახორციელებთ საგანმანათლებლო კამპანიებს გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის განვითარებას. ენმ-ს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლის მარტში შეიქმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა 50-ზე მეტი რაიონული ქალთა ორგანიზაცია და მოხდა ათასობით ქალი აქტივისტის მობილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განვითარება და მისი აქტივობების ეფექტიანი განხორციელება; ამგვარად, ჩვენ წავახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ინფორმირებული ამომრჩვლები, აქტივისტები თუ ლიდერები.

მშვიდობის პოლიტიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზანი საგარეო, თავდაცვისა და მშვიდობის სფეროში ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება;  

  • საქართველოს ტერიტორულ მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა;

  • ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა;

  • საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მშვიდობის პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა.

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა  პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, საქართველომ შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან, ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის პრიორიტეტული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით ენმ იხელმძღვანელებს 2009 წელს შექმნილი სახელმწიფო სტრატეგიით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და შესაბამისი სამოქმედო გეგმით. სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი მიმართულებები.

  • ძალის არ-გამოყენება და მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ დავრჩებით ერთგული 2009 და 2013 წლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებისა არ გამოვიყენოთ ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რომ მან აიღოს ძალის არ-გამოყენების საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მისიების აღდგენა მონიტორინგის, საპოლიციო ან/და სამშვიდობო ფუნქციებით.

  • რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ რუსეთის ფედერაციას ოკუპანტ სახელმწიფოდ მივიჩნევთ. მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რუსეთთან ტექნიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვ. საკითხებზე დიალოგი, თუმცა ამის შედეგად არ უნდა შევქმნათ ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ხდება და ოკუპაცია პრობლემას აღარ წარმოადგენს. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული კონსენსუსი არსებობდეს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსზე.

  • პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მჭიდრო ურთიერთობები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან. ჩვენ გვექნება კონრეტული ინიციატივები, მათ შორის, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომ არსებობდეს მუდმივი კომუნიკაცია ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ აღდგეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ისე, რომ არ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შელახვა.

  • საოკუპაციო ხაზის საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად მხარეს უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ არ გაგრძელდეს “მცოცავი ოკუპაცია”, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, ჩვენ გავზრდით უსაფრთხოების ზომებს გამყოფი ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს - კვლავ განვათავსებთ საგუშაგოებს და აღვადგენთ პატრულირებას მთელი პერიმეტრის გასწვრივ. ამ კონტექსტში აქტიურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

  • თავისუფალი გადაადგილების მიღწევა იქნება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტი.თავისუფალი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოგვარების მიზნებისთვის. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სახლების და წმინდა ადგილების მონახულების უფლება, ასევე შეეძლოთ ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. ამ კუთხით ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა. დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი გალის და ახალგორის რაიონების, მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტს, როგორიცაა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები.

  • რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო ანექსიის საწინააღმდეგო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. 2009-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არ-აღიარების პოლიტიკა. რუსეთის ფედერაციამ ვერ მოახერხა ამ რეგიონების “დამოუკიდებლობის” მასიური აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა, დღეს დღის წესრიგში დგას არა მხოლოდ “აღიარებების” შეჩერება, არამედ ანექსიის პრევენცია. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ესაჭიროება ეფექტური და ანტი-ანექსიური პოლიტიკა, რათა რუსეთმა არ განახორციელოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსია.

საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზანი საგარეო, თავდაცვისა და მშვიდობის სფეროში ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება;  

  • საქართველოს ტერიტორულ მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა;

  • ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა;

  • საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანა იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა და ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება, ასევე ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და საქართველოს საერთაშორისო როლის მაქსიმალურად გაზრდა. უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით:

  • ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია;

  • ჩვენ გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას;

  • ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას დასავლეთის უსაფრთხოების და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით;

  • ჩვენ დავუბრუნებთ მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს;

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად ჩვენ გავაძლიერებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში;

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერებისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;

  • 2019 წლამდე, ეტაპობრივად, ჩვენ შეირაღებულ ძალებს სრულად გადავიყვანთ პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს ვიტყვით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე; გავაძლიერებთ ოფიცერთა კორპუსის პროფესიული მომზადების დონეს დასავლეთის წამყვან სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით;

  • ჩამოყალიბდება და დაინერგება ნატოს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფცია, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;

  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სამხედრო პირთა სოციალურ დაცვას: ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზრდება ანაზღაურება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული სამხედრო პირების შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;

  • ჩვენ ახალი ძალისხმევით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვას,რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეჩერდა. განსაკუთრებულ ყურაღებას მივაქცევთ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერ-უსაფრთხოებას;

  • ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო მრეწველობას, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;

  • გაძლიერდება საქართველოს პარლამენტის როლი შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანა იქნება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება:

  • 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას ევროპაში;შევქმნით პირობებს, რომ უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული;

  • ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას გარკვეულ კვოტებზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ კანონიერად იმუშავონ ევროკავშირის ქვეყნებში;

  • ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;

  • ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;

  • ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს;

  • ჩვენ 2017 წლიდან განვაახლებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა, ამჟამინდელ ხელისუფლებას ოთხი წელია ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს;

  • ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დავასრულებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეწარმეებს გაუხსნის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს;

  • ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის.

ამავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განახორციელებს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართულ რეფორმებს, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერად, რომელიც ხელს უწყობს მთელი რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.

რეგიონული თანამშრომლობა

 

აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონული ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის  სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.

საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევას. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.

აუცილებელია, გაღრმავდეს ევროპულ სახელმწიფოებთან არსებული ორმხრივი ურთიერთობები, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში, რაც მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ოკეანიის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ოკუპირებული რეგიონების აღიარების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

იძულებით გადაადგილებული პირები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მათ საკუთარ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებამდე, სოციალური დაცვის ადექვატური სქემის უზრუნველყოფის მიზნით ენმ გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს:

  • საერთაშორისო ასპარეზზე დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევების მობილიზაციას, მათ შორის, გენერალურ ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას დევნილების უფლებების დაცვა და არსებობდეს სრული საერთაშორისო კონსენსუსი მათი დაბრუნების უფლებაზე. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში დაწყებულ საქმეს, იმ მიზნით, რომ რუსეთს დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე;

  • დევნილის პოლიტიკური და სოციალური სტატუსის გამიჯვნა. დევნილთა და მათი შთამომავლების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს ხელშეუხებელია და აღიარებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპებით. ამავდროულად, დევნილთა სოციალური დაცვა უნდა მოექცეს საერთო ეროვნულ პროგრამებში და აღმოიფხვრას ამ მხრივ დღეს არსებული დისკრიმინაცია;

  • დევნილთა დახმარებისა და მათი ღირსეული საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამების გაგრძელება.  ეს ამოცანა განხორციელდება იმ დათქმით, რომ დევნილების, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება – დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც მათი საკუთრების უფლებები, ხელშეუხებელია.  საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამები იქნება მრავალფეროვანი (ახალი მშენებლობები, არსებული შენობების გარემონტება, სოფლად სახლების შეყიდვა, ბინების შესყიდვა სახელმწიფოს თანამონაწილეობით და ა.შ.), დაცული იქნება პარიტეტი კომპაქტური დასახლებების დევნილებსა და ე.წ. კერძო სექტორში განსახლებულ დევნილ ოჯახებს შორის და აღნიშნული ღონისძიებები თავიდან აგვაცილებს დევნილთა მიერ წლობით საცხოვრებლის რიგში დგომას;

  • დევნილების დასაქმების ხელშეწყობა. საერთაშორისო დონორების აქტიური მონაწილეობით, დევნილთა როგორც დიდ, ისე მცირე კომპაქტურ ჩასახლებებში განვახორციელებთ მიკროპროექტებს დევნილების დასაქმებისა და შემოსავლებით უზრუნველყოფის მიზნით; ასევე მოვახდენთ დევნილების ჩართულობას პროფესიული გადამზადების პროგრამებში;

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა. ნაციონალური მოძრაობა შეიმუშავებს ისეთ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა მიერ ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურის (აფხაზეთის არ უზენაესი საბჭოს) და მეთაური (ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის ყოფილი აო) დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) პერიოდულ და პირდაპირ გზით არჩევნებს.

გარემოს დაცვა

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც თავის მხრივ მოიცავს:

  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;

  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;

  • საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;

  • 2020 წლისთვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას;

  • მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;

  • საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.