გაზიარება
UNM UNM

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

საქართველოში დღეს არსებობს უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. მოქალაქეს სახელმწიფოსთან დავისას არ აქვს დაცულობის განცდა და მყარი გარანტიები, პრობლემატურ საკითხებად რჩება უკანონო მოსმენა-მიყურადება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოძიების მიუკერძოებლობა, პოლიტიზირებული პოლიცია და პროკურატურა.

 

 

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;

  • სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება;

  • პროკურატურის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო კონტროლის გაზრდა;

  • სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება;

  • ადამიანის უფლებების დასაცავად ქმედითი მექანიზმების შექმნა.

ამასთან, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ შემდეგ მიმართულებებს:

  • ბავშვთა დაცვა ოჯახური ძალადობისგან, აგრეთვე ბავშვების ჩაგვრის (ბულინგის) პრევენცია;

  • ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და უმცირესობების  დაცვა ძალადობისგან;

  • ქალების მიმართ ძალადობის მიზანმიმართული პრევენცია, ხოლო შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება.

 

სისხლის სამართლის პოლიტიკა

  • ჩვენ 2017 წელსვე შევზღუდავთ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებზე - პირველ რიგში, ეკონომიკური სახის დანაშაულზე. გამონაკლისი იქნება განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ძალადობრივი დანაშაული. აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა იქნება საპატიმრო გირაო და არა უშუალოდ პატიმრობა. ეს ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალდებული გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდება, ხოლო პატიმრობა შეეფარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს არა წარმოსახვითი საფრთხე, არამედ სახეზე იქნება განხორციელებული ქმედება, აგრეთვე, თუ ბრალდებული დაარღვევს უკვე შეფარდებული გირაოს პირობებს;

  • ჩვენ გადავხედავთ არაძალადობრივ და გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებს და მოვახდენთ სასჯელთა ლიბერალიზაციას საბოლოო დეკრიმინალიზაციის პერსპექტივით. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.

პოლიცია            

  • ჩვენ გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას. ბიზნესთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესი გახდება მეწარმის ინტერესებზე ორიენტირებული. ბიზნესის შემზღუდავი ნებისმიერი მოქმედება - ყადაღა, დალუქვა, შემოწმება თუ რევიზია - დასაშვები იქნება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნესის შეუფერხებლად წარმოებას; დამკვიდრდება ვარაუდი - “მეწარმე მართალია”. მტკიცების სტანდარტი იქნება ბიზნესმენის სასარგებლოდ. ბიზნესმენისთვის მიყენებული ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, ანაზღაურდება სრულად, კანონით მკაცრად დადგენილ ვადებში;

  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს). შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იმოქმედებს კონტრ-დაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები ამომწურავად გაწერილი ფუნქციებით, ხოლო „პოლიტიკური პოლიცია“ ჩაბარდება წარსულს;

  • უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევებისა და პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის გამორიცხვის მიზნით, ჩვენ 2017 წლის იანვრამდე შევქმნით სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებელ და საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკურ სამსახურს. შესაბამისად, კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში, ფარული მიყურადება განხორციელდება მხოლოდ ამ სამსახურის მიერ;

  • ჩვენ აღვადგენთ დანაშაულის რეგისტრაციის სისტემას და პოლიციელს აღარ მოეთხოვება დაბალი სტატისტიკის ჩვენების მიზნით მისი გაყალბება და დანაშაულის დამალვა;

  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ დაცვას: ეკონომიკური წინსვლის პარალელურად, გაიზრდება მათი ანაზღაურება; ზეგანაკვეთური მუშაობისთვის გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ანაზღაურება და წახალისება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული პოლიციელის შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;

  • პოლიციელის ღირსების შელახვაზე, ქონებრივი სიკეთის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფაზე კანონით გათვალისწინებულ ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ.

 

პროკურატურა

  • ჩვენ პროკურატურას ჩამოვაშორებთ საგამოძიებო ფუნქციას, რითაც შევქმნით მისი გაწონასწორების მექანიზმს; პროკურატურა იქნება მხოლოდ გამოძიებაზე ზედამხედველი და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი უწყება. შეიქმნება პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, აგრეთვე განსაზღვრული ტიპის დანაშაულებს, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებათ;

  • ჩვენ ავამოქმედებთ მთავარი პროკურორის შერჩევის ახალ, გამჭვირვალე წესს, რაც ხელს შეუწყობს  პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდას;

  • ჩვენ გავაფართოებთ ადვოკატების უფლებებს სამართალწარმოების პროცესში, პირველ რიგში, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით. აგრეთვე ადვოკატის დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის საკითხზე გავზრდით მტკიცების სტანდარტს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სავალდებულოდ ჩადგება საქმის კურსში და გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება მხოლოდ მთავარი პროკურორის მოადგილეს;

სასამართლო

  • ჩვენი ინიციატივით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოწვეულ იქნებიან კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან განსაზღვრული ვადით და ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი მოსამართლეებით;

  • სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული დავების გადასაწყვეტად, ჩვენ შევქმნით დავების განხილვის საბჭოს ანალოგიურ მექანიზმს - ადმინისტრაციულ არბიტრაჟს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება უცხოელი არბიტრებით. მომჩივანის მხრიდან დავის მოგების შემთხვევაში, სახელმწიფოს კანონით აეკრძალება გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, ხოლო მოქალაქე შეინარჩუნებს აღნიშნულ უფლებას;

  • ჩვენ ავამოქმედებთ ნაფიც მსაჯულთა სისტემას სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლით, ან მეტი ვადით. ასევე, შევქმნით მსაჯულის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. მსაჯულზე ზემოქმედების მცდელობა, მასზე მუქარა, ან რაიმე სხვა სახის ზეწოლა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით;

  • იმისთვის, რომ გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, აღიკვეთოს მოსამართლეზე მუქარის, ზეწოლის და ძალადობის საფრთხე და სასამართლო არ იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაზე, ჩვენ ამერიკული მოდელის მიხედვით შევქმნით სასამართლო მარშალის ინსტიტუტს ამგვარ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილებით;

  • ჩვენ შევამჭიდროვებთ სამოქალაქო დავების განხილვის ვადებს, რათა მოქალაქეებმა დროულად და გაჭიანურების გარეშე მიიღონ მართლმსაჯულება. ასევე, დავნერგავთ გამსვლელი მაგისტრატის ინსტიტუტს, რომელიც ოპერატიულად გადაწყვეტს სამეზობლო და მსგავსი კატეგორიის დავებს;

  • ჩვენ გავაუქმებთ მოსამართლეებისთვის დადგენილ, ე.წ. 3 წლიან გამოსაცდელ ვადას, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები დაინიშნებიან სიცოცხლის ბოლომდე;

  • სახელმწიფოსთან დავის პროცესის მოქალაქის მხრიდან მოგების შემთხვევაში, სრული დანახარჯები (მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, აგრეთვე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება) დაეკისრება სახელმწიფოს, რათა მოქალაქე არ დაზარალდეს სახელმწიფოსთან დავის პროცესში;

  • ჩვენ სრულად ავამოქმედებთ მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესს.

 

სასჯელაღსრულება

  • თავისუფლების აღკვეთის და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლის გასაძლიერებლად შევქმნით დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;

  • სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ ვიდეო კამერებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ სახალხო დამცველს, აგრეთვე პარლამენტის ნდობის ჯგუფს, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური ოპოზიცია;

  • ჩვენ გავზრდით პატიმრების უფლებებს. მათ მიეცემათ თანამედროვე ტექნოლოგიებით (პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი, ელ-რიდერი) სარგებლობის უფლება, აგრეთვე გაიზრდება ოჯახთან პაემნების რაოდენობა, ასევე დავნერგავთ პატიმრის ხანმოკლე შვეულების უფლებას. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში პატიმარზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება იქნება აღნიშნული უფლებების შეზღუდვა;

  • ჩვენ შემოვიღებთ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის დეპუტატს უფლება ექნება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეზღუდვის გარეშე, შიდა რეგულაციების დაცვით, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

 

ქალთა და ბავშვთა უფლებები

  • ბავშვთა დაცვა ოჯახური ძალადობისგან, აგრეთვე ბავშვების ჩაგვრის (ბულინგის) პრევენცია ჩვენთვის უმნიშნელოვანესია. ჩვენ შევქმნით ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შემთხვევებზე სპეციალურ საგამოძიებო მექანიზმს. დავხვეწავთ კანონს სოციალური სამსახურის შესახებ და მას ბავშვზე ორიენტირებულს გავხდით. ამასთან, ვუზრუნველყოფთ სოციალური მუშაკების მუდმივ გადამზადების პროგრამებს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შევქმნით სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაზე;
  • ვუზრუნველყოფთ, რომ დანაშაულის ადგილზე სამართალდამცავებმა იმოქმედონ ერთიანი ინსტრუქციით, რაც მიმართული იქნება დანაშაულის ადგილზე აღკვეთისა და მსხვერპლის უფლებების დაცვისაკენ; ადგილზე ძალადობის აღკვეთის გასამარტივებლად, ასევე გავაუქმებთ შემაკავებელ ორდერზე სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებელობის მოთხოვნას;
  • ვუზრუნველყოფთ, რომ განხორციელდეს ერთიანი სტატისტიკის წარმოება ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს პრევენციის, რეაგირებისა და რეაბილიტაციის მექანიზმებს; ამავდროულად, ძალადობის შესახებ შეტყობინებისას,  მაქსიმალურად დავიცავთ ვტორის კონფიდენციალურობას;  
  • დავნერგავთ/გავაძლიერებთ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმებს, რაც  შეამცირებს ძალადობის განმეორების რისკს;
  • გავაუმჯობესებთ თავშესაფრისა და მსხვერპლის რეაბილიტაციის სამსახურს;
  • საზოგადოების საკითხისადმი მეტი დაინტერესების მიზნით, ისევე როგორც ქალთა უნარ-ჩვენების გაძლიერების და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, განვახორციელებთ საგანმანათლებლო კამპანიებს გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად და მათი სამოქალაქო უფლებების სრულყოფილად გამოყენების მიზნით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის განვითარებას. ენმ-ს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლის მარტში შეიქმნა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა 50-ზე მეტი რაიონული ქალთა ორგანიზაცია და მოხდა ათასობით ქალი აქტივისტის მობილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ქალი ლიდერის იდენტიფიკაცია და ჩართვა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენმ-ს ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული განვითარება და მისი აქტივობების ეფექტიანი განხორციელება; ამგვარად, ჩვენ წავახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ინფორმირებული ამომრჩვლები, აქტივისტები თუ ლიდერები.