გაზიარება
UNM UNM

განათლება და ახალგაზრდობა

აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გაცნობიერება, რომ უნდა მოხდეს ახალგაზრდობის ხელშეწყობა, რათა მათ გამოიყენონ შესაძლებლობები და წარმატებას მიაღწიონ პიროვნულ ზრდასა და კარიერულ განვითარებაში. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა ქვეყანაში, რომელშიც ეს შესაძლებლობები რეალიზებული იქნება.

სწორედ ამიტომ ჩვენ ახალ თაობას ვთავაზობთ და ვპირებით ევროპულ მომავალს, რომელშიც მათ ექნებათ საშუალება არა მხოლოდ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ ლეგალურად მოიძიონ სამსახური ევროპის ყველაზე კონკურენტუნარიან გარემოში, მიიღონ განათლება ევროპულ უნივერსიტეტებში და საქმიანი ურთიერთობები აწარმოონ ევროპაში. ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია გახდის უნივერსიტეტებს უფრო ინტეგრირებულს ევროპულ სივრცეში. რეალურად, ახალგაზრდისთვის ევროპის კარი პირველად სწორედ უნივერსიტეტებში გაიღება.

მეორე მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ სახელმწიფოში, იქნება ნეპოტიზმისგან, კორუფციისგან და კლანური მმართველობისგან თავისუფალი გარემო, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის მათი შესაძლებლობების რეალიზაციის კუთხით. იქნება ეს საჯარო სამსახურში კარიერის დაწყება, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სწავლა, თუ სხვა მიმართულებები, ჩვენ შევქმნით ტრანსპარენტულ, გამჭვირვალე გარემოს, სადაც ადამიანი დაფასდება მისი შესაძლებლობების და არა სხვა თვისებების გამო. ეს კი, პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდების ინტერესებშია.

მესამე მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, არის კერძო მეწარმეებისთვი და დამწყები ბიზნესმენებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რომ დაბალი გადასახადების, შესაბამისი გარემოს და მზარდი ეკონომიკის გამო, ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი საქმის დაწყება და დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა. ზედმეტი რეგულაციებისგან გათავისუფლება, სუს-ის და ფინანსური პოლიციის გაუქმება, მოქალაქესა და ბიზნესზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის შექმნა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება.

და ბოლოს, ახალგაზრდებისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია ლიბერალური გარემოს შექმნა, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს დრო წარმატების მისაღწევად და სადაც არ გახდება მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა იმ მცირე გადაცდენის გამო, რომელიც მას შეიძლება შეემთხვას. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ინიციატივა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდეს და ქვეყანა მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო არმიაზე. ეს მრავალ ათას ახალგაზრდას დაუზოგავს სიცოცხლის ორ წელს, რომელსაც ის უფრო აქტიურად მოახმარებს საკუთარ განათლებას, საქმეს, ოჯახს და ქვეყანას. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ინიციატივა, რომ უფრო ლიბერალური გახდეს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა, გაუქმდეს წინასწარი პატიმრობა ეკონომიკურ დანაშაულზე, ამნისტირებული იქნას საგადასახადო დავები, მოხდეს 500.000 ლარზე ნაკლები ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

ამ ყველაფერთან ერთად ცალკე გამოვყოფთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენ გავატარებთ განათლების სფეროში. უმნიშვნელოვანესია განათლების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში თავისუფლების განცდის ამაღლებას და მათ მეტად ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამოქმედო გეგმის ამ ქვეთავში შემოთავაზებულია განათლების სისტემის გარდასაქმნელად აუცილებელი ნაბიჯები. განათლებისა და მეცნიერების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მწყობრი და გამართული, ინოვაციასა და ტექნოლოგიურ სრულყოფაზე ორიენტირებული განათლების სისტემა ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის და, შესაბამისად, ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობაა.

აუცილებელია, სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება და ყველა სკოლის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვა და საჭირო რესურსებით მომარაგება.

სასკოლო განათლების მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ახორციელებს განათლების ხარისხის კონტროლს, ხოლო უშუალოდ სკოლის მართვა, ბიუჯეტის განკარგვა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა სკოლის თვითმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.

ეკონომიკისა და მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადების ხელშეწყობა. ამიტომ, უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწა და ეფექტური გამოყენება. პროფესიული განათლების სისტემა ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებს და ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის გზით განვითარდება.

საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისათვის გაცნობა საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას, მათ გარდაქმნას თანამედროვე,  მიმზიდველ, მრავალფეროვან სივრცეებად, როგორც განათლების მიღების, ასევე ინტელექტუალური დასვენებისთვის. 

ქვეყანაში თანამედროვე და ხარისხიანი განათლების სისტემის ფუნქციონირებისათვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი განათლების მართვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით:

  • შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობასა და არჩევანს. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ წინასასკოლო მოსამზადებელ პროგრამას;
  • ჩვენ მოვახდენთ საბავშვო ბაღების დირექტორებისა და ბაღებთან დაკავშირებული მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლების სამსახურში მიღების დეპოლიტიზაციას, სამსახურში მიღების ცხადი კრიტერიუმებისა და გამჭვირვალე პროცესების შემოღების გზით;
  • ხარისხიანი საშუალო განათლების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გავაუმჯობესებთ ბიუჯეტის მიზნობრიობასა და ეფექტურობას, რის შედეგადაც 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით;
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების სრულყოფილ თვითმმართველობას და ფინანსურ ავტონომიას. ეს, მათ შორის, ნიშნავს პოლიტიკურ ჩაურევლობას სკოლის საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის ბიუჯეტის დამოუკიდებლად განკარგვას;
  • სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რის შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, მინიმუმ 650 ლარამდე;
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგებისთვის გაუმჯობესდება სამუშაო პირობები, მათი სტატუსი და ანაზღაურება გაუთანაბრდება სხვა პედაგოგების სტატუსსა და ანაზღაურებას;
  • ჩვენ გავაუქმებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შეფასების სუბიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სქემას და განვავითარებთ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სასერტიფიკატო გამოცდების სისტემას;
  • ჩვენ 2017 წელსვე მოვაწესრიგებთ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა/დაბეჭდვას ისე, რომ გაუმჯობესდეს სახელმძღვანელოების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, და, ამასთან, დაცული იყოს სახელმძღვანელოების შემქმნელთა საავტორო უფლებები;
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სრულყოფილი შესწავლის ხელმისაწვდომობის მიზნით, ჩვენ განვაახლებთ და განვავითარებთ პროგრამასასწავლე საქართველოსთვის, რაც შედეგად მოგვცემს საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში;
  • ჩვენ აღვადგენთ ინგლისური ენის ინგლისურენოვანი მასწავლებლების მიერ სწავლების სახელმწიფო პროგრამასასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად";
  • ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივანიჭებთ სრულყოფილ ფინანსურ და აკადემიურ ავტონომიას; გავაუქმებთ ზედმეტ რეგულაციებს, რომლებიც  აფერხებენ კერძო უმაღლესი განათლების სასწავლებლების განვითარებას, ხოლო სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულებებს უზღუდავენ  ეკონომიკურ საქმიანობას;
  • ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურები არ ერეოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში;
  • ჩვენ 5000-ით გავზრდით ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას და გავზრდით სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას. ეს იქნება დიდი შეღავათი იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი უწყდებათ სწავლის გადასახადის ვერ-გადახდის გამო;
  • ჩვენი შევიმუშავებთ პროგრამას, რომლის ფარგლებში მოხდება საქართველოში საუკეთესო უცხოელი პროფესორების მოწვევა ერთი სემესტრით, საქართველოს უმაღლეს დაწესებულებებში მაღალი დონის ლექციების წასაკითხავად. ეს მოახდენს სასწავლო პროგრამების კიდევ უფრო ინტერნაციონალიზაციას და გაზრდის უმაღლესი განათლების ხარისხს;
  • ჩვენ მოვახდენთ ბაკალავრიატის სტუდენტების ორმხრივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის თანადაფინანსებას, თუ შესაბამის საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი განათლების დაწესებულებას აქვთ შეთანხმება გაცვლითი პროგრამების და სწავლის გადასახადის დაფარვის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს დამატებით ასობით სტუდენტს, რომელ ყოველ წელს ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ აშშ-ის, ევროპის და მსოფლის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ გააფართოებს ამ სტუდენტების მსოფლმხედველობას და საუკეთესო უნივერსიტეტების განათლებას აზიარებს მათ, არამედ ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, რომ მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და მეტად მოახდინონ საკუთარი პროგრამების ინტერნაციონალიზაცია;
  • ჩვენ ფინანსურად შევუწყობთ ხელს უცხოეთში დოქტორის ხარისხის მქონე, ან დოქტორანტურაში მყოფ პირებს, რომ აკადემიური საქმიანობა გააგრძელონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ამგვარად ჩვენ უკან დავაბრუნებთ ასობით ახალგაზრდა პროფესიონალს, რომელსაც აქვს სურვილი და უნარი ასწავლონ საქართველოში და უკეთესი განათლება მისცენ ახალ თაობას;
  • ჩვენ გავაორმაგებთ სკოლის მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც საზღვარგარეთ ერთი წლის განმავლობაში მიემგზავრებიან გაცვლით პროგრამებში, განსაკუთრებით აშშ-ში. მიგვაჩნია, რომ სკოლის ასაკში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა უდიდეს გავლენას ახდენს ახალგაზრდებში დასავლური ღირებულებების ფორმირებაზე, რაც, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ჯანსაღი ფასეულობების მქონე თაობის ფორმირებას;
  • ჩვენ გავაორმაგებთ საზღვარგარეთ მაგისტრანტურასა და დოქტორანტურაში უმაღლესი განათლების მისაღებად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობას და გავზრდით დაფინანსებას ამ კუთხით. ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ. გაზრდილი დაფინანსება და გაცვლითი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს მომავალში ჩადებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება;
  • ჩვენ დავაბრუნებთ მნიშვნელოვან შეღავათებს სტუდენტებისთბის ბიბლიოთეკებით და მუზეუმებით სარგებლობის დროს;
  • კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსებისას, ჩვენ სრულად დავიცავთ საერთაშორისოდ გაზიარებულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება კვლევის ხარისხს, შედეგებს და ინტერნაციონალიზაციას. ჩვენ ხელს შევუწყობთ უმაღლესი განათლების და კვლევით დაწესებულებებს, რომ გაზარდონ ჩართულობა საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურებსა და ქსელებში; 
  • ჩვენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივანიჭებთ უფლებას, განახორციელონ სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები, აგრეთვე, აკადემიურ პროგრამებში შეიტანონ დისტანციური სწავლების კომპონენტი;
  • საჯარო სექტორში ახალგაზრდების სტაჟირების სისტემა იქნება მოწესრიგებული და ახალგაზრდების განაწილება სახელმწიფო დაწესებულებებში მოხდება მათი განათლების, ცოდნის და ინტერესების შესაბამისად;
  • ჩვენ შევქმნით ერთიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც სტუდენტებს მიაწოდებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვაკანსიების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ;
  • საჯარო სამსახურში თანამდებობებზე აყვანა საჯარო კონკურსის წესით მოხდება უფრო მეტ თანამდებობაზე, ხოლო კონკურსები იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი, რათა არ მოხდეს ნეპოტიზმის შედეგად ახალგაზრდების ინტერესების შელახვა;
  • პროფესიული განათლება გახდება თავსებადი უმაღლეს განათლებასთან. 

ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად, ჩვენ მივიღებთ უკეთ დაფინანსებულ და ავტონომიურად მართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, უფრო მაღალი ხარისხის მქონე საგანმანათლებლო პროგრამებს და მეტად განათლებულ და კონკურენტუნარიან თაობებს. ყველას უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ექნება ღირსეული სამსახურის შოვნის შესაძლებლობა.

ეს კონკრეტული ინიციატივები შექმნის იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში, სხვა ახალ იდეებთან ერთად შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, განათლების სისტემის მორიგი რეფორმირება, განათლების ხარისხის მკვეთრად გაზრდა და ახალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.