გაზიარება
UNM UNM
ჩვენ შესახებ

წესდება

,რეგისტრირებულია                                                                                           ცვლილებები შეტანილია                                                                                       საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს                          მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  2013  წლის   6         ნოემბრის                                      2013 წლის 5 ოქტომბრის რიგგარეშე VI ყრილობაზე N 203259  გადაწყვეტილებით


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
წ ე ს დ ე ბ ა 

I. ზოგადი დებულებები
1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”(შემდგომში  გაერთიანება) არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. გაერთიანება წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, შტამპი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
1.3. გაერთიანების საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.4. გაერთიანების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია ხდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
1.5. გაერთიანების შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
1.5.1. გაერთიანებაში გაწევრიანებისა და გაერთიანებიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
1.5.2. დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
1.5.3. არჩევითობა და ანგარიშვალდებულებულება;
1.5.4. კანონის წინაშე თანასწორობა;
1.5.5. პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა;
1.6. გაერთიანების სიმბოლოა წინა პლანზე მოფრიალე საქართველოს ეროვნული და უკანაპლანზე მოფრიალე ევროსაბჭოს დროშები,  რომლებიც გამოისახება გაერთიანების ბლანკზე და ბეჭედზე.
1.7. გაერთიანების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 45ა.

II. გაერთიანების  მიზნები, ამოცანები და მათი განხორციელების ფორმები

2.1. გაერთიანების მიზნები და ამოცანებია:
2.1.1. წარმოადგინოს და დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები.
2.1.2. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უზრუნველყოფა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება.
2.1.3. დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებლივი და ინსტიტუციონალური გარანტიების ჩამოყალიბება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა.
2.1.4. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა და მოქალაქეთათვის ეკონომიკური და სოციალური უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მყარი გარანტიების შექმნა.
2.1.5. საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და მონაწილეობა მათ მუშაობაში.
2.1.6. საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის მხარდაჭერა, მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავება.
2.1.7. აქტიური მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოების პოლიტიკური ნების გამოხატვისა და განხორციელების მიზნით.
2.1.8. ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა.
2.1.9. უკომპრომისო ბრძოლა კორუფციის აღმოსაფხვრელად.
2.1.10. ხელისუფლების საქმიანობაზე მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფა.
2.1.11. დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა.
2.1.12. თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამჭვირვალე სისტემების შექმნის თვალსაზრისით.
2.1.13. აღნიშნული მიზნების მისაღწევად გაერთიანება იყენებს ყველა კანონიერ გზებსა და საშუალებებს, აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნებში, თანამშრომლობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სხვა.

III. გაერთიანების წევრობა
3.1. გაერთიანების წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ცნობს და აღიარებს გაერთიანების წესდებას და პროგრამას, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას, არ არის სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი.
3.2. დაუშვებელია გაერთიანების წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.3. გაერთიანების წევრობა ნებაყოფლობითია.
3.4. გაერთიანების წევრად მიღება ხდება პირადი განცხადებისა და გაერთიანების არანაკლებ სამი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები განიხილავენ არა უმეტეს სამი კვირის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ამ ვადის გასვლა ჩაითვლება უარყოფით გადაწყვეტილებად, რომელიც წევრობის მსურველს  შეუძლია გაასაჩივროს გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოში.
3.5. გაერთიანებიდან გასვლა თავისუფალია. გაერთიანების წევრი გაერთიანებიდან გასულად ჩაითვლება მის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან.
3.6. გაერთიანების წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს გაერთიანების ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, გაერთიანების სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გარიცხულ იქნეს გაერთიანების წევრობიდან. გადაწყვეტილებას პირის გაერთიანების წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იღებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო, დამსწრეთა ორი მესამედით.  გაერთიანების წევრობიდან გარიცხვის შემთხვევაში, პირი ტოვებს გაერთიანებაში დაკავებულ ნებისმიერ თანამდებობას.
3.7. გაერთიანების წევრს უფლება აქვს:
3.7.1. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;
3.7.2. აირჩიოს და არჩეულ იქნას გაერთიანების ორგანოებში;
3.7.3. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების წესდებით დადგენილი მიზნების განხორციელებაში;
3.7.4. მონაწილეობდეს გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;
3.7.5. მიმართოს გაერთიანების ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს ინფორმაცია გაერთიანებისა და მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ;
3.7.6. დადგენილი წესით ისარგებლოს გაერთიანების კუთვნილი ქონებით.
3.8. გაერთიანების წევრი ვალდებულია:
3.8.1. დაიცვას გაერთიანების წესდებით დადგენილი მოთხოვნები;
3.8.2. შეასრულოს გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;
3.8.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;
3.8.4. გაუფრთხილდეს გაერთიანების სახელსა და ავტორიტეტს, ფართო პროპაგანდა გაუწიოს მის საქმიანობას;
3.8.5. გაუფრთხილდეს გაერთიანების მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და იზრუნოს მისი განმტკიცებისათვის.

IV. გაერთიანების აქტივისტი (მოხალისე)
4.1. აქტივისტი (მოხალისე) არის პირი, რომელიც მხარს უჭერს გაერთიანებას და აქტიურად ეხმარება მას მიზნების მიღწევაში და ამავე დროს არ არის გაერთიანების წევრი.
4.2. პირის გაერთიანების აქტივისტად მიღებისა და მისი გაერთიანების  აქტივისტობიდან გარიცხვის წესს ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.
4.3.აქტივისტი ვალდებულია:
4.3.1.შეასრულოს გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;
4.3.2.აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი სტრუქტურების სახელით დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაში;
4.3.3. მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური რესურსი გაერთიანების სახელის, ღირსებისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად.
4.4. გაერთიანების აქტივისტს უფლება აქვს:
4.4.1. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების საქმიანობაში;
4.4.2. ესწრებოდეს გაერთიანების საჯარო შეხვედრებს;
4.4.3. მონაწილეობდეს შეხვედრების ორგანიზებაში;
4.4.4. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების წესდებით დადგენილი მიზნების განხორციელებაში;
4.4.5.მიმართოს გაერთიანების ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს ინფორმაცია გაერთიანებისა და მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ;
4.4.6. დადგენილი წესითი სარგებლოს გაერთიანების კუთვნილი ქონებით;
4.5. აქტივისტად ყოფნა ნებაყოფლობითია, აქტივისტს უფლება აქვს საკუთარი განცხადების საფუძველზე უარი თქვას აქტივისტობაზე.

V. გაერთიანების სტრუქტურა
5.1. გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანო:
5.1.1 გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა გაერთიანების ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც. ყრილობა (რიგგარეშე ყრილობა) შეიძლება მოწვეულ იქნეს გაერთიანების თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მიერ, გაერთიანების წევრთა 10%-ის ან პოლიტიკური საბჭოს ინიციატივით. ეს წესი ვრცელდება, როგორც ყრილობის, ასევე რიგგარეშე ყრილობის მოწვევაზე.
5.1.2 ყრილობის მონაწილე გაერთიანების წევრების ან დელეგატების  რეგისტრაციის წესს, ყრილობაზე მოსაწვევ გაერთიანების წევრთა ან დელეგატთა (არანაკლებ 200 დელეგატისა) რაოდენობასა და დელეგატთა არჩევის წესს განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკურ საბჭო. 
5.1.3. ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება გაერთიანების  წევრთა ან დელეგატთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ყრილობაზე დამსწრე გაერთიანების წევრთა ან დელეგატთა ხმების უმრავლესობით.
5.1.4. ყრილობის განსაკუთრებული პრეროგატივაა გაერთიანების წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, გაერთიანების თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის არჩევა. გაერთიანების რეორგანიზაციის და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
5.1.5 გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი. 

5.2. გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო:
5.2.1. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოა გაერთიანების პოლიტიკური საბჭო. 
5.2.2.  გაერთიანების პოლიტიკური საბჭო აირჩევა ყრილობის მიერ  4 წლის ვადით. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს თუ ყრილობა აირჩევს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას.
5.2.3. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო შედგება არანაკლებ 21 წევრისაგან. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს გაერთიანების ყრილობა. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა მხოლოდ გაერთიანების წევრი. 
5.2.4. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომა მოიწვევა გაერთიანების თავმჯდომარის, გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ან გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.
5.2.5. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.  გაერთიანების პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომა. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა წესდებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

5.2.6. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
5.2.6.1. გაერთიანების სახელით მიმართვების, განცხადებების, გაერთიანების მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება;
5.2.6.2. გაერთიანების გენერალური მდივნის დანიშვნა და განთავისუფლება; 
5.2.6.3. გაერთიანების მდივნების დანიშვნა და გათავისუფლება; 
5.2.6.4. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების (საქალაქო,  და რაიონული ორგანიზაციების,  ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში წარმომადგენლობების) და სათათბირო ორგანოების, ინტერესთა ჯგუფებისა და ასოციაციების შექმნის, რეორგანიზაციის, ფუნქციონირების შეჩერების და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; 
5.2.6.5. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურისა და დებულების, აგრეთვე, სათათბირო ორგანოების, ინტერესთა ჯგუფებისა და ასოციაციების სტრუქტურისა და დებულებების დამტკიცება;
5.2.6.6. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების კონფერენციების შედეგების განხილვა და დამტკიცება;
5.2.6.7. გარდა წესდებით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა, შიდაპარტიული არჩევნების (პრაიმერის) გზით ასარჩევი პირების ნუსხის (ჩამონათვალის) განსაზღვრა;
5.2.6.8. ყველა დონის არჩევნებისათვის პარტიული საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი კანდიდატის დამტკიცება;
5.2.6.9. გაერთიანების ბიუჯეტის დამტკიცება;
5.2.6.10. გაერთიანების სახელით დოკუმენტების შემუშავება–მიღების მიზნით ფორუმების, კონვენტების და სხვა შეკრებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
5.2.6.11. გაერთიანების საწევრო შენატანის და წესებისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
5.2.6.12. ამ წესდებით გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიღება.
5.2.7. გაერთიანების პოლიტიკური საბჭო ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე.
5.2.8. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. 

5.3. გაერთიანების მაკონტროლებელი ორგანო:
5.3.1. გაერთიანების მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების სარევიზიო კომისია.
5.3.2. სარევიზიო კომისია აირჩევა ყრილობის მიერ 4 წლის ვადით არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისიას უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს ვადამდე თუ ყრილობა აირჩევს სარევიზიო კომისიის ახალ შემადგენლობას. სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრას გაერთიანების ყრილობა გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს წარდგინებით;
5.3.3. სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.
5.3.4. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
5.3.5. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს გაერთიანების საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია, გაერთიანების საფინანსო საქმიანობის კონტროლი, გაერთიანების წევრთა აღრიცხვიანობის კონტროლი, აგრეთვე გაერთიანების წესდებით, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
5.3.6. სარევიზიო კომისია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს გაერთიანების ყრილობას, ხოლო წელიწადში ერთხელ პოლიტიკურ საბჭოს.

VI. გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურა
6.1.1. გაერთიანების სტრუქტურაში შედის: სტრუქტურული ქვედანაყოფები (საქალაქო, რაიონული ორგანიზაციები), გაერთიანების სამდივნო და გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაცია, რომელთა შექმნის, რეორგანიზაციის, ფუნქციონირების შეჩერების და ლიკვიდაციის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები მოქმედებენ საკუთარი დებულების საფუძველზე, რომელსაც გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.
6.1.2. საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების არჩევა ხდება 6.6.1 პუნქტის მიხედვით, ხოლო განთავისუფლება კი 6.6.4 პუნქტის მიხედვით. გაერთიანების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო. გაერთიანების  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების გენერალური მდივანი.

6.1.3. გაერთიანების სამდივნო შედგება გაერთიანების გენერალური მდივნის და გაერთიანების სხვა (მათ შორის ადმინისტრაციული) მდივნებისაგან; გაერთიანების მდივნების რაოდენობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო. 
6.1.4. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაცია ახორციელებს გაერთიანების საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურასა და დებულებას, გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.
6.1.5. გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციები არის გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც იქმნება ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში და  ახორციელებენ  გაერთიანების პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების  ადგილებზე გატარების უზრუნველყოფას. გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების  სტრუქტურასა და დებულებას გაერთიანების ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.

6.1.6. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები იქმნება იურიდიული პირის უფლებების გარეშე.
6.1.7. გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.

6.2. გაერთიანების თავმჯდომარე:
გაერთიანების თავმჯდომარე პროგრამის, წესდების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე:
6.2.1. წარმოადგენს  გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
6.2.2. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების დოკუმენტაციაზე, გარდა გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხებისა;
6.2.3. გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს.
6.2.4. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6.3. გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე:
გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პროგრამის, წესდების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე:
6.3.1. წარმოადგენს  გაერთიანებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
6.3.2. გაერთიანების სახელით ხელს აწერს გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებს;
6.3.3. გაერთიანების სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს.
6.3.4. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 


6.4. გაერთიანების გენერალური მდივანი:
6.4.1. გაერთიანების გენერალური მდივანს ნიშნავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო;
6.4.2. გაერთიანების გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს გაერთიანების სამდივნოს. კოორდინაციასა და კონტროლს უწევს გაერთიანების სხვა სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე საქმიანობას.
6.4.3. გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს გაერთიანების მდივნების კანდიდატურებს.
6.4.4 გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურასა და დებულებას.
6.4.5. გაერთიანების თავმჯდომარესთან შეთანხმებით გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს გაერთიანების ბიუჯეტს.
6.4.6. უზრუნველყოფს გაერთიანების ყრილობისა და გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომების ორგანიზებას.
6.4.7. გაერთიანების ყრილობის, გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს, გაერთიანების თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით და მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
6.4.8. უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გასცეს მინდობილობა.
6.4.9. გაერთიანების მიზნებისათვის განკარგავს ფინანსებსა და ქონებას.
6.4.10. წარმოადგენს გაერთიანებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6.4.11. გაერთიანების სახელით, წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას.
6.4.12. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6.4.13. გენერალური მდივნის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით ასრულებს გაერთიანების ერთ-ერთი მდივანი.

6.5. გაერთიანების  მდივნები:
6.5.1. გაერთიანების მდივნები ინიშნებიან გაერთიანების  პოლიტიკური საბჭოს მიერ.
6.5.2. გაერთიანების მდივნების რაოდენობასა და ფუნქციებს განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.
6.5.3. გაერთიანების მდივნები ასრულებენ გაერთიანების გენერალური მდივნის ცალკეულ დავალებებს.

6.6. გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:
6.6.1. გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩევა შესაბამისი ორგანიზაციის კონფერენციის მიერ 2 წლის ვადით. კონფერენციის ჩატარების თარიღსა და წესს განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო. კონფერენციის გადაწყვეტილებას ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო;
6.6.2. გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გაერთიანების გენერალურ მდივანს  გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით წარუდგენს  საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის დებულებასა და სტრუქტურას.
6.6.3. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6.6.4. გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შეიძლება გადარჩეულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის წევრთა ერთი მესამედის ან გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს მოთხოვნით. გადაწვეტილება გაერთიანების საქალაქო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გადარჩევის შესახებ მიიღება გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით;

6.7. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსი
6.7.1 გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსი ინიშნება გაერთიანების გენერალური მდივნის მიერ.
6.7.2. გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსი გაერთიანების გენერალურ მდივანს გაერთიანების პოლიტიკურ საბჭოზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით წარუდგენს გაერთიანების ცენტრალური ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას.
6.7.3. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

VII. გაერთიანების ფინანსები, ქონება და მისი ფორმირების წყაროები
7.1. გაერთიანების ქონებისა და სახსრების ფორმირების წყაროებია:
7.1.1. გაერთიანების წევრთა საწევრო შენატანები (საწევრო შენატანის და წესებისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო);
7.1.2. შემოწირულობები;
7.1.3. კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;
7.1.4. გაერთიანების გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებებით მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო, საინფორმაციო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით;
7.1.5. გაერთიანება უფლებამოსილია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რაც მას ესაჭიროება საწესდებო მიზნების განსახორციელებლად;
7.1.6. გაერთიანების სახსრების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად და მისი განაწილება გაერთიანების წევრებს შორის აკრძალულია.
VIII. გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტა
8.1. გაერთიანების საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველზე.
8.2. გაერთიანების აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
8.3. გაერთიანების რეორგანიზაცია (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის შემთხვევაში გაერთიანების ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა დადგენილი წესით.
8.4. გაერთიანების თვით ლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით.
8.5. გაერთიანების აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.
IX. წესდების შეცვლის წესი
9.1. წესდების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია მხოლოდ გაერთიანების ყრილობას.
X. გარდამავალი დებულებები
10.1. 2013 წლის 5 ოქტომბრის ყრილობის ჩატარებიდან ერთი წლის ვადაში ყრილობაზე არჩეული თანამდებობის პირების (გაერთიანების თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს წევრები) გადარჩევის მიზნით არ შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე ყრილობა ან აღნიშნულის თაობაზე დადგეს საკითხი ყრილობის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.